Facebook Twitter

ბს-1661-1619 (კს-10) 20 იანვარი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს არქიტექტორთა ეროვნული კავშირი;

მოწინააღმდეგე მხარეები_ შპს «...», ბათუმის სარეგისტრაცო სამსახური, აჭარის სააღსრულებო ბიურო, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სამეცნიერო კვლევითი მუზეუმი;

მესამე პირი_ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

დავის საგანი – ქონების დარეგისტრირების დავალდებულება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 25 იანვარს შპს «...» სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქიტექტორის სამეცნიერო კვლევითი მუზეუმის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქიტექტორის სამეცნიერო კვლევით მუზეუმის დავალდებულებას, დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ფაქტობრივად მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ... ¹4-ში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქიტექტორის სამეცნიერო კვლევით მუზეუმს დაევალა ქ. ბათუმში, ... ¹4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის, მის საკუთრებაში დარეგისტრირება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ბათუმში, ... ¹4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის არქიტექტორთა კავშირის არქიტექტორის სამეცნიერო კვლევითი მუზეუმის საკუთრებაში რეგისტრაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობის მდებარე: ქ. ბათუმი, ... ¹4-ში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქიტექტორის სამეცნიერო კვლევით მუზეუმის სახელზე დარეგისტრირების და ამ შენობის საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს არქიტექტორთა კავშირს დაევალა ქ. ბათუმში, ... ¹4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მის საკუთრებაში დარეგისტრირება; ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მითითებული შენობა-ნაგებობის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარება.

2009 წლის 4 ნოემბერს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მოცემულ საქმეში ჩაება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2006 წლის 29 აგვისტოს ამონაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამონაწერის გაცემის დროისათვის საქართველოს არქიტექტორთა კავშირს საკუთრებაში ერიცხებოდა უძრავი ქონება, ქ. თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩა ¹32-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ამ ქონებაზე სასამართლო აღმასრულებელს 2004 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, შპს «...» სასარგებლოდ 12 000 აშშ დოლარის გადახდევინებაზე, არ მიუქცევია. რაც შეეხება ქ. ბათუმში, .... ¹6-ში მდებარე სადავო ქონებას, 735.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 1211,41 კვ.მ. შენობა-ნაგებობას, როგორც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის 2009 წლის 14 ივლისისა და 2010 წლის 2 თებერვლის ამონაწერით, 2010 წლის 25 იანვარს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შემდგარი 2010 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებით დგინდება, მასზე ჯერ კიდევ 2007 წლის 21 მარტიდან რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრება, ხოლო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის ¹42 განკარგულებით, 2010 წლის 2 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (ქონების გადაცემის შესახებ) და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მასზე დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 87-ე და 24-ე მუხლებით განსახილველი დავის დარეგულირება შეუძლებელია, რამდენადაც ამ ნორმებით დადგენილი წესი ვერ გავრცელდება საქმის მონაწილე მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობაზე, კერძოდ, მოსარჩელე მხარე უძრავი ნივთის შპს «...» საკუთრებაში დარეგისტრირებას მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის და ასევე საქართველოს არქიტექტორთა კავშირისაგან. Mმოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში შეესაბამება მოვალის (საქართველოს არქიტექტორთა კავშირის) ნებას და მის მიერ ამის სურვილი სასამართლო სხდომაზეც გამოხატა, რამდენადაც მან შპს «...» სარჩელი ცნო, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ მოვალის ნების წინააღმდეგობას მის საკუთრებაში ქ. ბათუმში, .... ¹6-ში მდებარე სადავო ქონების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 86-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებსაც არა აქვს ადგილი და კანონის ეს ნორმა არ გამოდგება დავის რეგულირებისათვის.

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მესამე პირი, საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური სხვის საკუთრებაში რეგისტრირებულ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ვერ განახორციელებს, რამდენადაც სარეგისტრაციო სამსახურს «საჯარო რეესტრის შესახებ» კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ დავაში არც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 87-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს აქვს ადგილი და მხარეთა ურთიერთობებზე არც კანონის დასახელებული ნორმის მოქმედება ვრცელდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, .... ¹6-ში მდებარე სადავო ქონება 2007 წლის 21 მარტიდან რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2010 წლის 2 თებერვლიდან ქონება რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, რაც გამორიცხავს იმავე ქონებაზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო მხარის მიერ სადავოდ არ ყოფილა გამხდარი სახელმწიფოს საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერები, შემდგომ კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემისა და მისი სარეგისტრაციო ჩანაწერები.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს არქიტექტორთა კავშირი შპს «...» მიერ დასახელებულია მოპასუხედ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება მისი საწინააღმდეგო არ არის, შესაბამისად, ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იყო დაუშვებელი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება შეეზღუდა, ვინაიდან კანონი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის გამოყენების რაიმე შეზღუდვას არ აწესებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეს აკისრებს ერთადერთ ვალდებულებას, კერძოდ, სასამართლოს წარუდგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გადაწყვეტა საკითხისა, არის თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული მხარის საწინააღმდეგო, საქმის არსებითად განხილვამდე, თვით მხარის უფლებამოსილებას განეკუთვნება და მიაჩნია, რომ იგი არ არის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი. კერძო სჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი ფაქტობრივად უსწოროა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ სადავო ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მიერ მოპასუხის, საქართველოს არქიტექტორთა ეროვნული კავშირის სახელზე, დაუშვებელია, ვინაიდან ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ მოპასუხეს ფაქტობრივად ჩამოართვა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება. E

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსათვის გადაგზავნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს არქიტექტორთა კავშირი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილს, სადაც სასამართლომ დაადგინა სადავო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებობის ფაქტობრივი გარემოება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება სარეზოლუციო ნაწილისაგან მოწყვეტით და მისგან დამოუკიდებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველს, მასში უნდა აისახოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, სასამართლოს დასკვნები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძვლად დადებული ფაქტების არსებობა-არარსებობისა და მათი სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე. მხარის მოთხოვნის იურიდიულ ბედს განსაზღვრავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლადაც სწორედ იგი წარიმართება. სამოტივაციო ნაწილი ვერ მიექცევა აღსასრულებლად, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას («სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლი).

Aამდენად, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების იმ მხრისათვის მინიჭებას, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით ქონება აღიარებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, რითაც სასამართლომ ხელყო საქართველოს არქიტექტორთა ეროვნული კავშირის საკუთრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმცია, რაც ნიშნავს იმას, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე და დავის განხილვის მომენტისათვის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დაინტერესებულ პირს, მათ შორის არქიტექტორთა კავშირს, არ ართმევს უფლებას სადავოდ გახადოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე და იდავოს ქონების კუთვნილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს საქართველოს არქიტექტორთა ეროვნული კავშირის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს არქიტექტორთა ეროვნული კავშირის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.