კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1685-1641 (კს-10) 9 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა ბ. ყ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.09 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. ყ-შვილის სარჩელი, მოპასუხეების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, შ. ღ-შვილის, ე. და კ. გ-ურების მიმართ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ყ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.10 წ. განჩინებით ბ. ყ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 1600 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარსადგენად. ამავე სასამართლოს 20.07.10 წ. განჩინებითYარ დაკმაყოფილდა ბ. ყ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა კიდევ 10 დღით.
ბ. ყ-შვილმა 13.09.10 წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. ბ. ყ-შვილმა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.09 წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეთა ქმედებების უკანონოდ ცნობისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმება მოითხოვა. მანვე მოპასუხეთა ქმედებების უკანონოდ ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.10 წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.10 წ., 20.07.10 წ. და 07.10.10 წ. განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ყ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ყ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.10 წ. და 20.07.10 წ. განჩინებების გაუქმების ნაწილში დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული საპროცესო კანონმდებლობით. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრის საფუძველზე სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.10 წ. და 20.07.10 წ. განჩინებებს, რომლებზეც კერძო საჩივარი არ დაიშვება.
ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხარვეზის დადგენისა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული განჩინებების კერძო საჩივრით გასაჩივრებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამორიცხავს კერძო საჩივრის დაშვების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ყ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.10 წ. და 20.07.10 წ. განჩინებების ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 417-ე, 420-ე, 291-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ყ-შვილის კერძო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.10 წ. და 20.07.10 წ. განჩინებების გაუქმების ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.