Facebook Twitter

ბს-169-167(კს-11) 6 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.10წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 06.08.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. ო-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 7000 ლარის, პირგასამტეხლოს 2100 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის 1328,91 ლარის და სანივთე ქონების დავალიანების ნატურით დაბრუნების დაკისრება მოითხოვა.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 21.10.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. ო-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 8328,91 ლარის გადახდა, მათ შორის: ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი, ზიანის საკომპენსაციო თანხა 1328,91 (ათას სამასოცდარვა) ლარი, მასვე დაეკისრა სანივთე დავალიანების – სამგზავრო ჩანთის, ოფიცრის ქამრის, კონუფლირებული ფორმის, ქუდისა და ფეხსაცმლის ნატურით დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 12.11.10წ. ჩაბარდა, რომელმაც 01.12.10წ. ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და ამავე სასამართლოს 21.10.10წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 21.10.10წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 21.10.10წ. გადაწყვეტილების ასლი 12.11.10წ. ჩაბარდა, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 01.12.10წ. წარადგინა. მართალია საქმეში დაცულია კონვერტი, მაგრამ მასზე არის დასმული მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შტამპი და ბეჭედი «პაკეტებისათვის”, რაც პალატის აზრით ადასტურებს იმას, რომ გზავნილი სასამართლოს ფოსტის მეშვეობით არ წარდგენია. სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე 26.11.10წ. იყო, რომელიც არ ემთხვეოდა არც დასვენების და არც უქმე დღეს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გაშვებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილვეად დატოვების საფუძველი გახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის რეესტრის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საფელდეგერო სამსახურს 26.11.10წ. ჩაბარდა; ხოლო თავდაცვის სამინისტროს საფელდეგერო განყოფილების რეესტრის მიხედვით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ფოსტას საპროცესო ვადის დაცვით 26.11.10წ. ჩაბარდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს საჩივრის წარდგენის ვადა უნდა მიეჩნია მისი ფოსტაში ჩაბარების დღე (26.11.10წ.) და არა სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარგენის დღე (01.12.10წ.).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 21.10.10წ. გადაწყვეტილება 12.11.10წ. გადაეცა. საქმეში დაცულია შპს «სკს-ს» შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილების შემცველი საფოსტო გზავნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 12.11.10წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 45). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა 26.11.10წ. ოცდაოთხ საათამდე ჰქონდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივარი ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფელდეგერო სამსახურს 26.11.10წ. ჩააბარდა, დასტურდება კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს კორესპონდენციის მიმღები პუნქტის ¹....... რეესტრით და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის 26.11.10წ. კორესპონდენციის გაგზავნის რეესტრით, რომელზეც დასმულია შპს «საქართველოს ფოსტის» თბილისის ¹...... განყოფილების კალენდარული შტემპელი 26.11.10წ. თარიღის აღნიშვნით. 59-ე საქმის ფურცელზე დაცულია კონვერტი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი გაიგზავნა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში, აღნიშნულ კონვერტზე მითითებულია სააპელაციო საჩივრის თავდაცვის სამინისტროში რეგისტრაციის ნომერი 2/3747, რომელიც ემთხვევა თავდაცვის სამინისტროს საქმის წარმოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ 26.11.10წ. ¹...... რეესტრში პირველ რიგით ნომრად მითითებულ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოსათვის განკუთვნილ კორესპონდენციის რეგისტრაციის ნომერს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის 26.11.10წ. კალენდარული შტეპელით დამოწმებულ რეესტრში მე-4 რიგით ნომრად მითითებულ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოსათვის განკუთვნილ კორესპონდენციის რეგისტრაციის ნომერს. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრის 09.09.94წ. ¹01/151 ბრძანებით დამტკიცებული საფოსტო წესების 43-ე პუნქტის თანახმად კალენდარული შტემპელი განკუთვნილია საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილებზე, ქვითრებზე, საბუთებზე ადგილის, თარიღისა და ჩაბარების საათის აღნიშვნისათვის, აკრძალულია კალენდარული შტემპელის ანაბეჭდის დასმა სხვადასხვა მასალებზე მოქალაქეთა და დაწესებულებების თხოვნის საფუძველზე. ამდენად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის 26.11.10წ. კორესპონდენციის გაგზავნის რეესტრზე დასმული კალენდარული შტემპელით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 21.10.10წ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად და 369.1 მუხლით გათვალისწინებულ 14 დღიან ვადაში – 26.11.10წ. ჩააბარა შპს «საქართველოს ფოსტის» თბილისის ¹...... განყოფილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.10წ. განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.10წ. განჩინება და საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.