ბს-1735-1691(კს-10) 10 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორი პ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ საპროცესო ვადის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორმა _ პ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹182 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორის _ პ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორმა _ პ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ივნისის განჩინებით ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორის პ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და სააპელაციო საჩივრის ავტორს მიეცა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. მითითებული განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2006 წლის 28 ივლისს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორის _ პ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
2009 წლის 24 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორმა _ პ. ბ-ძემ, რომელმაც მიუთითა, რომ 2006 წლის 4 მაისს იგი დააპატიმრეს, რის გამოც ვერ შეძლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისისა და 17 აგვისტოს განჩინებების გასაჩივრება. განცხადების ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული განჩინებები საპატიმრო ადგილას მას არ ჩაჰბარებია და ისინი ჩაჰბარდათ არაუფლებამოსილ პირებს, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული პროცესის გაგრძელებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პ. ბ-ძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 თებერვლის განჩინებით განცხადება განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორის _ პ. ბ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორმა _ პ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო პალატის 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ინფორმაციით დასტურდება, რომ 2002 წლიდან რაიკოოპერატივს პ. ბ-ძის გარდა სხვა უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ჰყოლია. სწორედ მას ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უნდა გადასცემოდა სასამართლოს 2006 წლის განჩინებები, რაც არ შესრულებულა და გამოიწვია დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუსრულებლობა და 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინების ვადაში არგასაჩივრება. კოოპერატივში შემოსული დოკუმენტების 2006 წლის ჟურნალის ჩანაწერებით დასტურდება, რომ 2006 წლის 8 ივნისის განჩინება ჩაჰბარდა არა რაიკოოპერატივის მიერ მითითებულ მისამართზე ადვოკატ ნ. ი-შვილს, არამედ მ. წ-შვილსა და მ. ბ-ძეს, რომელიც ... ¹1-ის მიმდებარედ რაიკოოპერატივის ბაზრის კონტროლიორი იყო. ამდენად, კოოპერატივი ვერ მოახდენდა 2006 წლის 8 ივნისის განჩინებაში დადგენილ ხარვეზზე ვადაში შევსებას, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია ჩამოყალიბებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორის პ. ბ-ძის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებანი. აღნიშნული კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ის მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ივნისის განჩინებით ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და სააპელაციო საჩივრის ავტორს მიეცა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. ხსენებული განჩინება მხარეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე - ხაშური, .... ¹3. მართალია, პირადად პ. ბ-ძეს არ ჩაბარებია განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, მაგრამ საქმეში არსებული გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი ჩაჰბარდა კოოპერატივის თანამშრომელს 2006 წლის 28 ივლისს. ჩაბარება დადასტურებულია გზავნილზე მიმღები პირის ხელმოწერით (ს.ფ. 42).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის ვადაში შეუსრულებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო უწყების (გზავნილის) ჩაბარების შესაძლებლობას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში. სასამართლო აქტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ორგანიზაციის ადგილსამყოფლის მიხედვით ადმინისტრაციას. უწყების, განჩინების ჩაბარების თაობაზე მეორე ეგზემპლარზე დაფიქსირებული უნდა იყოს ამ სასამართლო აქტის ორგანიზაციის თანამშრომლისთვის გადაცემა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარისათვის სასამართლო აქტის გადაცემის კანონით დადგენილი წესი არ დარღვეულა.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო წარმოების განახლება უშუალო კავშირშია სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ ვადის აღდგენასთან და რადგანაც ეს საკითხი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, არ არსებობს განმცხადებლის მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის - ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორის პ. ბ-ძის მიერ ვერ იქნა უტყუარი მტკიცებულებებით დასაბუთებული გასაჩივრებული განჩინებების ჩაუბარებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორმა პ. ბ-ძემ გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეუვსია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ამავე პალატის 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინებით დარჩა განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორის პ. ბ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხაშურის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორის პ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.