ბს-1757-1713(კს-10) 10 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ხ-იას კერძო საჩივარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების არ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის ¹3ბ/1799-10 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 28 მაისს მ. ხ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემდეგი ინფორმაციის გაცემა: საჯარო რეესტრში, მისამართზე თბილისი, ... ¹30-ზე, შესული იყო თუ არა განცხადება (საბუთი), რომელიც ხელყოფდა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე მ. ხ-იას სარჩელის გამო, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ქმედების განხორციელების შესახებ, შეწყდა წარმოებით დაუშვებლობის მოტივით.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-იამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით მ. ხ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება.
2010 წლის 29 ივლისს მ. ხ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახალ აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
განმცხადებლის მტკიცებით, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არის ორი არქივი: საჯარო რეესტრისა და ტექ. ინვენტარიზაციის არქივები. ... ¹30-ში მდებარე ქონების ტექ. ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებს (საინვენტარიზაციო გეგმა) არ შეესაბამება საჯარო რეესტრის არქივის კომპიუტერში არსებული სქემა ... ¹30-ზე. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნაზე _ გადასცენ საჯარო რეესტრის არქივის კომპიუტერში არსებული ... მონაკვეთის ასლი ¹30-ის ჩვენებით და განუმარტონ, რატომაა იგი განსხვავებული ტექ. ინვენტარიზაციის არქივის საინვენტარიზაციო გეგმისგან ... ¹30-ზე, საჯარო რეესტრს პასუხი არ გააჩნია.
განმცხადებლის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2010 წლის 14 ივლისის წერილით განმარტა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით ძალადაკარგულად ან ბათილად არ იქნებიან ცნობილი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ... ¹30-ში არის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და განმცხადებლის აზრით, ამ საკითხებზე, მას ინფორმაციას არ აწვდის საჯარო რეესტრი. ამდენად, სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოებანი, ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, მ. ხ-იას განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის განმარტებით, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 14 ივლისის წერილით, დასტურდებოდა ... ¹30-ში რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ამ საკითხებზე ინფორმაციას მალავდა საჯარო რეესტრი. სააპელაციო პლატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-423-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რის გამოც წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლო იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
2010 წლის 15 ოქტომბერს მ. ხ-იამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა, რომ საჯარო რეესტრის არქივში არსებულ ... ¹30-ის აქივის სქემა არ შეესაბამება რეესტრის ტექ. ინვენტარიზაციის არქივის საბუთებით დამტკიცებულ, ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ სქემას. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 14 ივლისის წერილში არ არის კონკრეტული პასუხი, თუ რატომაა განსხვავებული სქემები ... ¹30-ზე საჯარო რეესტრის ტექ. ინვენტარიზაციისა და საჯარო რეესტრის არქივებს შორის.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელთა მოქმედებით მას ეზღუდება საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ხ-იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 14 ივლისის წერილით დასტურდება, რომ ... ¹30-ში არსებობს რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ამ საკითხზე ინფორმაციას საჯარო რეესტრი მალავს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ხ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსსკ-ის 423.1 მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: 1. ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და 2. მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, სსსკ-ის 423.3 მუხლის თანახმად, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები, რომ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 14 ივლისის წერილით დასტურდება, … ¹30-ში არსებობს რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ამ საკითხზე ინფორმაციას საჯარო რეესტრი მალავს, არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ განჩინების გაუქმებისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია კერძო საჩივარში მითითებულ საფუძველთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ხ-იას კერძო საჩივარი არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.