Facebook Twitter

ბს-1779-1734(კს-10) 4 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ბ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1779-1734(კს-10) ზ. ბ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის «ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარში არ იყო მითითებული რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა. ამასთან, კერძო საჩივრის განაცხადი არ შეესაბამებოდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნას. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 «დ” ქვეპუნქტის შესაბამისად 50 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 189-191; II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით სასამართლოს ინიციატივით კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა დამატებით საპროცესო ვადა 10 დღით, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 263-266; ტ.II).

კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ზ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს _ ზ. ბ-ს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს – ზ. ბ-ს განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 5 მარტს (იხ. ს.ფ 267; ტ.II). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2011 წლის 15 მარტს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.