Facebook Twitter

ბს-180-178 (კს-11) 9 მარტი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორები – მ. ო-ძე, ზ. ჯ-ძე, მ. ბ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინება;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-შვილის, ი. ბ-ძის, ზ. ჯ-ძის, დ. ს-ძის, ი. ძ-შვილის, ნ. კ-ძის, ლ. წ-ლის, მ. ბ-შვილის, ზ. ვ-შვილის, ჯ. ლ-ძის, გ. მ-შვილის, მ. ხ-ძის, თ. ვ-ძის, ი. ო-შვილის, გ. ჭ-ძის, თ. შ-ძის, ლ. ტ-შის, მ. ბ-ძის, თ. თ-ძის, რ. ბ-ძის, ზ. შ-ძის, თ. ტ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რვა მოსარჩელემ: თ. ჯ-შვილის უფლებამონაცვლემ-მ. ო-ძემ, დ. ს-ძის უფლებამონაცვლემ-პ.-ა. კ-ძემ, ი. ბ-ძის უფლებამონაცვლემ- ნ. დ-ძემ, ზ. ჯ-ძემ, ი. ძ-შვილმა, ნ. კ-ძემ, ლ. ჯ-შვილმა, მ. ბ-შვილმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით თ. ჯ-შვილის უფლებამონაცვლის- მ. ო-ძის, დ. ს-ძის- უფლებამონაცვლის პ.-ა. კ-ძის, ი. ბ-ძის-უფლებამონაცვლის ნ. დ-ძის, ზ. ჯ-ძის, ი. ძ-შვილის, ნ. კ-ძის, ლ. ჯ-შვილის, მ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 70-ე, 74-ე 77-ე, მუხლებზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 77-ე მუხლების შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა მოსარჩელეთა წარმომადგენელს-ხ. დ-იანს, რომელიც ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, მამას-დ. კ-იას 2010 წლის 9 ივნისს; სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხ. დ-იანი არის მოსარჩელეების (აპელანტების) თ. ჯ-შვილის (უფლებამონაცვლე- მ. ო-ძე), დ. ს-ძის (უფლებამონაცვლე –პ.-ა. კ-ძე), ი. ბ-ძის (უფლებამონაცვლე- ნ. დ-ძე), ზ. ჯ-ძის, ი. ძ-შვილის, ნ. კ-ძის, მ. ბ-შვილის წარმომადგენელი, რომელსაც მინიჭებული აქვს სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება; საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა აპელანტის- ი. ძ-შვილის წარმომადგენელს-მ. ჯ-ძეს, საქმეში არსებული მისამართლის მიხედვით, წარმომადგენელი აღნიშნულ მისამართზე არ აღმოჩნდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჯ-ძისათვის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება 3 ივნისიდან, ვინაიდან მან სასამართლოს არ აცნობა მისამართის შეცვლის შესახებ; კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუშვებელია აპელანტის ლ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი, რადგან ის არც სარჩელის და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით მოსარჩელე მხარეს არ წარმოადგენს, რაც სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტთა წარმომადგენლებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლები ჩაბარდათ 2010 წლის 3 და 6 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2010 წლის 7 ოქტომბერს ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს ვერ შეუქმნიდა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მოსარჩელეების თ. ჯ-შვილის, დ. ს-ძის, ი. ბ-ძის უფლებამონაცვლეების- მ. ო-ძის, პ.-ა. კ-ძის, ნ. დ-ძის სახელით (რომლებმაც გადაწყვეტილება ჩაიბარეს მოგვიანებით), ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება აღნიშნულ პირთა უფლებამონაცვლეობის საფუძვლების არსებობა, რაც დადგენილი უნდა იქნას სასამართლოს მიერ; შესაბამისად, მ. ო-ძის, პ.-ა. კ-ძისა და ნ. დ-ძის, როგორც მოსარჩელეთა უფლებამონაცვლეების სააპელაციო საჩივარი არ არის დასაშვები და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ო-ძის, თ. ჯ-ძისა და მ. ბ-შვილის წარმომადგენელმა. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება 2010 წლის 3 ივნისს ჩაბარდა მ. ჯ-ძეს, ხოლო 9 ივნისს- ხ. დ-იანს, რომელიც საქმის მასალებით სარჩელზე ხელმომწერი პირველი სამი პირის- თ. ჯ-შვილის, ი. ბ-ძისა და ზ.ჯ-ძის წარმომადგენელია, აღნიშნული სამი პირიდან მესამე პირის ზ. ჯ-ძის მიერ გაცემული მინდობილობა ხ. დ-იანზე გასაჩივრების მომენტში ძალადაკარგულია, რაც კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სარჩელზე ხელმომწერ პირველ სამ პირს და შესაბამისად ყველა მოსარჩელეზე ჩაბარებულად არ ითვლება, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა არ შეიძლება დაიწყოს 2010 წლის 9 ივნისიდან.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს და გადაწყვეტილების ჩაბარების დროსაც ხ. დ-იანი არ იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, არ ჰქონდა გამოცდა ჩაბარებული და იგი არ შეიძლება ყოფილიყო წარმომადგენელი სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. კერძო საჩივარში აღნიშნულია ასევე, რომ ყველა აპელანტი ერთ სახლში, ... ¹1-ში ცხოვრობენ, ყველა არის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა “...” წევრები და შესაბამისად, მათთვის უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების ჩაბარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ო-ძის, ზ. ჯ-ძისა და მ. ბ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის, დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-შვილის, ი. ბ-ძის, ზ. ჯ-ძის, დ. ს-ძის, ი. ძ-შვილის, ნ. კ-ძის, ლ. წ-ლის, მ. ბ-შვილის, ზ. ვ-შვილის, ჯ. ლ-ძის, გ. მ-შვილის, მ. ხ-ძის, თ. ვ-ძის, ი. ო-შვილის, გ. ჭ-ძის, თ. შ-ძის, ლ. ტ-შის, მ. ბ-ძის, თ. თ-ძის, რ. ბ-ძის, ზ. შ-ძისა და თ. ტ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2010 წლის 7 ივნისს გაეგზავნა ხ. დ-იანს, რომელიც საქმის მასალების თანახმად წარმოადგენდა მ. ბ-შვილის, ზ. ჯ-ძის, თ. ჯ-შვილის, ნ. კ-ძის, ი. ბ-ძის, გ. მ-შვილის, თ. ტ-ძის წარმომადგენელს. საქმეში დაცული შპს “...” “შეტყობინების ბარათით გზავნილების ჩაბარების შესახებ” დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაიბარა ხ. დ-იანის მამამ 2010 წლის 9 ივნისს (ტ.IV, სფ. 89-90). საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე გაეგზავნა ი. ძ-შვილის წარმომადგენელს მ. ჯ-ძეს. იმის გამო, რომ იგი არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ჩაბარდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაეგზავნათ ასევე მოსარჩელეებს_თ. ჯ-შვილს, ი. ბ-ძეს, ზ. ჯ-ძეს და ჩაბარდათ 2010 წლის 24 სექტემბერს (ტ.IV, სფ. 94-99), თუმცა სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვალა არა მათი, არამედ ხ. დ-იანის და მ. ჯ-ძის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან (2010 წ. 3 და 6 ივნისი), რასაც საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გადამოწმების საფუძველზე, მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევად. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. დ-იანი ისე მიიჩნია სარჩელზე ხელის მომწერი პირველი სამი პირის წარმომადგენლად, რომ არ შეუმოწმებია გადაწყვეტილების გაგზავნის მომენტისათვის მასზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოქმედების ვადა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 77-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს უწყების ჩაბარების წესს თანამონაწილისათვის, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის. ამდენად, იმისათვის, რომ უწყება ყველა მოსარჩელისათვის ჩაბარებულად ჩაითვალოს, აუცილებელი პირობაა სასამართლო უწყება გაეგზავნოს სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე ხელის მომწერ პირველ სამ პირს წარმოადგენენ თ. ჯ-შვილი, ი. ბ-ძე და ზ. ჯ-ძე. საქმეში დაცული მინდობილობებით დასტურდება, რომ თ. ჯ-შვილის, ი. ბ-ძისა და ზ. ჯ-ძის ინტერებს ყველა ინსტანციის სასამართლოში იცავს ხ. დ-იანი, თუმცა საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ტ.II,სფ.47-ზე წარმოდგენილი რწმუნებულება, რომლითაც ზ. ჯ-ძემ ხ. დ-იანს მიანიჭა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს წარდგენის უფლებამოსილება, გაცემულია 2007 წლის 25 იანვარს და მისი მოქმედება შემოიფარგლება 2 წლის ვადით, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაგზავნის დროისათვის სახეზე არ არის უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ხ. დ-იანს მისცემდა ზ. ჯ-ძის სახელით მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში დაცული არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77.2 მუხლის მოთხოვნები, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე და მხოლოდ მათი შეფასების შემდეგ გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ო-ძის, ზ. ჯ-ძისა და მ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.