Facebook Twitter

ბს-1857-1811(კს-10) 22 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ვ. მ-იანი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 23 ივლისს ვ. მ-იანმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 ივნისის ¹12/24611-7 გადაწყვეტილების ბათლად ცნობა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება წარდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით მის მიერ დაკავებულ, ქ. თბილისში, ნავთლუღის II დასახლება 360-ე კილომეტრზე მდებარე 866 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება, ასევე საკუთრების უფლების მოწმობისა და დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის გაცემა (იხ. ს.ფ. 1-14).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (იხ. ს.ფ. 35-36).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-იანის სარჩელი არ დაკამყოფილდა (იხ. ს.ფ. 100-107).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-იანმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 117-125).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ვ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59.1, 60.1, 61.3, 60.2, 369-ე, 374-ე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ვ. მ-იანს ჩაბარდა 2010 წლის 25 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი ვ. მ-იანმა საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 9 ნოემბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწურებოდა 2010 წლის 8 ნოემბერს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. მ-იანმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადა (იხ. ს.ფ. 133-136).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. მ-იანმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, რადგან სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 8 ნოემბერს გააგზავნა ელექტრონული ფოსტით ქ. თბილისში, .... ¹142-ში მდებარე საფოსტო განყოფილების მეშვეობით, რომლის მისამართია 344364@გმაილ.რუ. შესაბამისად, სსსკ-ის 61.3 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გასულად არ ითვლება (იხ. ს.ფ. 140; 156).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. მ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2010 წლის 25 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 116). სააპელაციო საჩივრის შეტანის სსსკ-ის 369.1 მუხლის დადგენილი 14-დღიანი ვადა იწურებოდა 2010 წლის 8 ნოემბერს, თანახმად სსსკ-ის 61.3 მუხლის დანაწესისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოს, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს საპროცესო მოქმედების _ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში შესრულების შესახებ, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარი მის მიერ გაიგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2010 წლის 8 ნოემბერს, თუმცა საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით 2010 წლის 9 ნოემბერს შეტანილია უშუალოდ სასამართლოში და არა საფოსტო განყოფილებაში. იმ პირობებში, თუ სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 8 ნოემბერს აპელანტმა გააგზავნა ელექტრონული ფოსტით, გაურკვეველია, რატომ წარადგინა სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დედანი თანდართული მასალებით 9 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სასამართლოში საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას და ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არც სსსკ-ის 61.3 მუხლის დეფინიცია იძლევა, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოში შესატანი ნებისმიერი სახის საჩივარი, შედგენილი წერილობითი ფორმით, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით, ხელმოწერილი მისი შემტანი პირის მიერ, მას უნდა ერთვოდეს საჩივრის ასლები იმ ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. ამგვარი სახით საჩივრის წარდგენას ვერ უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტა, რადგან მისი მეშვეობით ვერ მოხდება გაგზავნილი დოკუმენტის დედნის მიღება. შესაბამისად, კანონმდებლობა უშვებს დოკუმენტის არა ელექტონული სახით, არამედ მხოლოდ ფოსტის ან პირდაპირ სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობას.

სსსკ-ის 179.2 მუხლის შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ელექტრონული ფოსტით მხოლოდ სასამართლოდან გაგზავნილი დოკუმენტების მიღების შესაძლებლობას, რათა მხარისათვის ხელსაყრელი ფორმით მოხდეს მასთან კომუნიკაცია, მით უფრო, რომ სასამართლოს აქტები და სხვა დოკუმენტები მხარეებს ეგზავნებათ ასლის სახით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. მ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. M-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.