Facebook Twitter

ბს-1867-1820(კს-10) 6 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ტ. ს-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 7 ივლისს ტ. ს-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2009 წლის 8 ივნისს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ¹ბა990053 ბათილად ცნობას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ს-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის (150 ლრის) გადაუხდელობის გამო.

2010 წლის 1 ნოემბერს ტ. ს-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ტ. ს-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ტ. ს-ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად 7 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ტ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ტ. ს-ძის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ტ. ს-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 1 დეკემბერს (ს.ფ. 126), ხოლო მან აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით 2010 წლის 14 დეკემბერს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლში მითითებული თორმეტდღიანი ვადის გადაცილებით. მითითებული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. ს-ძეს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 13 დეკემბრის 24 საათამდე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია ფოსტის მეშვეობით 2010 წლის 14 დეკემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ტ. ს-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 399-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ს-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.