ბს-1870-1823(კს-10) 31 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი/მ «ი. ჩ-ძე»
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ სსიპ - შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 17 თებერვალს მოსარჩელე ი/მ «ი. ჩ-ძემ» სასარჩელო განცხადებით მიმართა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ფოთის საგადასახადო ინსპექციისა და ლანჩხუთის რაიონის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (მისი პირადი ბარათიდან ზედმეტად დარიცხული გადასახადებისა და მათზე დარიცხული საურავების ჩამოწერა).
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის განჩინებით საქმე, განსჯადობის წესების დაცვით, გადაეგზავნა ქალაქ ფოთის სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი/მ «ი. ჩ-ძის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «ი. ჩ-ძემ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით იური ჩხაიძის სააპელაციო საჩივარი, ფოთის საქალაქო სასამრთლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, დრჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატის განმარტებით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გზავნილი, კურიერის მიერ, მიტანილ იქნა აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე იური ჩხაიძისთვის ჩასაბარებლად, მაგრამ პირადად ჩაბარება ვერ გახდა შესაძლებელი მისი პატიმრობაში ყოფნის გამო, ხოლო მეუღლემ უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, რისი სათანადო აღნიშვნაც გაკეთდა ჩაბარების დასტურზე კურიერის მიერ. პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 74.1 და 75.1 მუხლებიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში უწყება ითვლება ჩაბარებულად და ამ დროიდან უნდა მოხდეს გასაჩივრების ვადის ათვლა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეს გასჩივრების უფლება განემარტა ასკ-ის 12.1 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რა შემთხვევაშიც მხარეს ეძლევა შესაძლებლობა გაასაჩივროს გადაწყვეტილება ერთი წლის განმავლობაში, თუმცა გზავნილის მიღებაზე უარის თქმის მომენტიდან (2008 წლის ივლისიდან) მხარემ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ 2 წლის შემდეგ 2010 წლის 3 აგვისტოს, რითაც გაუშვა ერთწლიანი გასაჩივრების ვადაც, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, კერძო საჩივრით, გაასაჩივრა ი/მ «იური ჩხაიძის» წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის უკან დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ხელახლა განსახილველად.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ი/მ «ი. ჩ-ძეს» 2008 წლის 3 ივლისის გაზავნილით გაეგზავნა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს განჩინება და არა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება, რასაც ადასტურებს ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში მითითებული საქმის ნომერი. ასევე გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დაუდგენელია როდის განაცხადა უარი ი. ჩ-ძის მეუღლემ უწყების ჩაბარებაზე, რადგან მასზე არ არის მითითებული ჩაბარების ან უარის თქმის თარიღი. კერძო საჩივრის ავტორის გამარტებით, მათ შუამდგომლობით მოითხოვეს ი. ჩ-ძის მეუღლის მოწმის სახით დაკითხვა, რათა შეესწავლათ და გამოეკვლიათ 2008 წლის 3 ივლისის გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. ასევე, მისი განმარტებით, გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში გზავნილი უკან ბრუნდება სასამართლოში და ერთვის საქმეს, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში გზავნილი საქმეს არ ქონდა დართული და არც სასამართლოს მიერ იყო გამოთხოვილი. კერძოO საჩივრის ავტორმა, ამასთანავე, შუამდგომლობით მოითხოვა იური ჩხაიძის მეუღლის მოწმის სახით დაკითხვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ი/მ «ი. ჩ-ძის» წარმომადგენლის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგენილ იქნა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი/მ «ი. ჩ-ძის» კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენის დაწყებისათვის გადამწყვეტია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარების თარიღი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. მითითებული კოდექსის 74-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო უწყების (გზავნილის) ჩაბარების შესაძლებლობას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამავე კოდექსის 75.1 მუხლის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილის, ამ შემთხვევაში განჩინების, უშუალოდ საქმეში მონაწილე პირისათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებისას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება ი. ჩ-ძეს გაეგზავნა 2008 წლის 3 ივლისის მიმართვით, ფოსტის მეშვეობით. მიმართვაზე დასმული შპს «...» ¹504 შტამპი ადასტურებს, რომ გზავნილი ჩაჰბარდა ფოთის საკურიერო სამსახურს, ამასთან გადაწყვეტილება გაიგზავნა მხარის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე. შპს «...» მიღებული ინფორმაციისთ დასტურდება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივლისის გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა მისი პატიმრობაში ყოფნის გამო, ხოლო მეუღლემ უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, რისი სათანადო აღნიშვნაც გაკეთდა ჩაბარების დასტურზე კურიერის მიერ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეს გასაჩივრებულის უფლება განემარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რა შემთხვევაშიც მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, გაასაჩივროს გადაწყვეტილება ერთი წლის განმავლობაში, თუმცა გზავნილის მიღებაზე უარის თქმის მომენტიდან, კერძოდ, 2008 წლის 3 ივლისიდან. მიუხედავად ამისა, მხარემ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2010 წლის 3 აგვისტოს, რითაც გაუშვა ერთწლიანი გასაჩივრების ვადაც, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ «ი. ჩ-ძის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ «ი. ჩ-ძის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.