ბს-1874-1827(კს-10) 31 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს «...»
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ აპელაციის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს «...» წარმომადგენელმა გ. ფ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» წარმომადგენელმა გ. ფ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 დღე. ამასთან, განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა აპელანტსა და მის წარმომადგენელს.
2010 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა შპს «...» განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადა გაუგრძელდა 3 დღით. აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით შპს «...» დირექტორს ჩაჰბარდა 2010 წლის 30 ნოემბერს, ხოლო შპს ,,...»წარმომადგენელს – გ. ფ-ძეს 2010 წლის 2 დეკემბერს.
2010 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ფოსტის მეშვეობით, წარდგენილ იქნა გ. ფ-ძის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რასაც თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბერის განჩინებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «...” წარმომადგენელმა გ. ფ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება, მის წარმომადგენელს ჩაბარდა 2010 წლის 2 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი კი ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა სააპელაციო სასამართლოში 6 დეკემბერს. მათი მხრიდან განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა (3 დღე) დაცული იყო, რაც არ იქნა გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. ასევე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თუ პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს, კონკრეტულ შემთხვევაში, შპს «...» ჩაჰბარდა სასამართლო განჩინება და მან ამ ვადაში არ მოახდინა რეაგირება სათანადო წესით, ანუ არ წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, მაშინ ამ მხარის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა განჩინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში მოეხდინა რეაგირება სასამართლო აქტზე, ანუ შეეტანა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პროცესუალური მონაწილის მიერსასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის გაშვება მეორე მხარეს არ ართმევს უფლებას, გაასაჩივროს ეს აქტი კანონით დადგენილ ვადაში და სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება ამ აქტის ბოლო ჩაბარების მომენტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს «...» წარმომადგენლის გ. ფ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს «...» წარმომადგენლის გ. ფ-ძის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შპს «..” დირექტორს ჩაჰბარდა 2010 წლის 30 ნოემბერს (ტ.II, ს.ფ. 188). განჩინებით განსაზღვრული 3-დღიანი ვადა შპს «...» ამოიწურა 2010 წლის 3 დეკემბერს, 24 საათზე, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით 2010 წლის 6 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ. 190-192).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინება მის წარმომადგენელს ჩაბარდა 2010 წლის 2 დეკემბერს, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ კი გაგზავნილ იქნა სააპელაციო სასამართლოში 6 დეკემბერს, რამდენადაც საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი შპს «...» დირექტორს ჩაჰბარდა 2010 წლის 30 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინების (ხარვეზის დადგენის თაობაზე) ასლი შპს «...» დირექტორს ჩაჰბარდა 30 ნოემბერს, ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 1 დეკემბერს. სააპელაციო საჩივრის ავტორს უფლება ჰქონდა საპროცესო მოქმედება შეესრულებინა 2010 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, ან ოცდაოთხ საათამდე გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას, ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი შპს «...» დირექტორს ჩაჰბარდა 2010 წლის 30 ნოემბერს. განჩინებით განსაზღვრული 3-დღიანი ვადა შპს «...» ამოიწურა 2010 წლის 3 დეკემბერს, 24 საათზე, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით 2010 წლის 6 დეკემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «...» წარმომადგენლის გ. ფ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «...» წარმომადგენლის გ. ფ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.