ბს-1880-1833(კს-10) 9 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. ზ-ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 21 ივლისს ნ. ა-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ა. ს-ძის, ო. მ-ძის, მ. ზ-ძის, თ. ზ-ძის, ც. ბ-ძის, გ. ბ-ძისა და ა. ზ-ძის მიმართ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილებისა და მოპასუხეების საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. ბ-ძემ, თ. და მ. ზ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მათ ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ძის, თ. და მ. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა ხარვეზზე და აპელანტებს მიეცათ 5 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებათ, რათა წარმოედგინათ თითოეულის მიერ ცალ-ცალკე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის აღმოფხვრის შედეგად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ზ-ძისა და გ. ბ-ძის ნაწილში სააპელაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მ. ზ-ძის ნაწილში სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ზ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მ. ზ-ძის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით მ. ზ-ძის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (50 ლარის ოდენობით). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მ. ზ-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს – მ. ზ-ძეს ჩაჰბარდა 2011 წლის 18 იანვარს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა – მ. ზ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაიბარა 2011 წლის 18 იანვარს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 28 იანვრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. ზ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.