Facebook Twitter

ბს-195-188(კს-10) 13 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ თ. ჯ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ჯ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის ქმედების განხორციელებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალება (იხ. ს.ფ. 1-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით თ. ჯ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 123-127).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 131-144).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით თ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე, დაუშვებლად მიიჩნია თ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ჯ-შვილის წარმომადგენელს _ გ. ა-შვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 25 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თავდაპირველად თ. ჯ-შვილმა შეიტანა 2009 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო მეორე სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 16 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 131, 145/ _ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ჯ-შვილმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 169-172).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ჯ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ გაშვებული არ ყოფილა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რადგან სააპელაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილ იქნა საქალაქო სასამართლოში 2009 წლის 24 სექტემბერს _ 14 დღიანი ვადის დაცვით, ხოლო შემდგომი სააპელაციო საჩივრები მის მიერ წარდგენილ იქნა 2009 წლის 12 ოქტომბერსა და 2009 წლის 16 ნოემბერს. ამდენად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული (იხ. ს.ფ. 180-181).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განჩინების გაუქმებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით შეამოწმა რა თ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად სსსკ-ის 369.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რადგან საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივარზე მოქალაქეთა მისაღები განყოფილების მიერ დასმულ შტამპზე სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციის თარიღად მითითებულია პირველ სააპელაციო საჩივარზე 2009 წლის 12 ოქტომბერი /იხ.ს.ფ.131/, ხოლო მეორე სააპელაციო საჩივარზე 2009 წლის 16 ნოემბერი /იხ.ს.ფ. 145/. საქმის მასალებით თ. ჯ-შვილის წარმომადგენელს 2009 წლის 25 სექტემბერს ჩაჰბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელთა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიაზე სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა, მართებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 369.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით შეტანილად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძოO საჩივრის ავტორის მიერ მოყვანილი არგუმენტები დასაბუთებულია, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის ადმინისტრაციული კოლეგიის სექტორის უფროსის ი. გ-ძის მიერ გაცემული წერილი, რომლის თანახმად, გ. ა-შვილს (კერძო საჩივრის ავტორის თ. ჯ-შვილის წარმომადგენელს) ეცნობა, რომ მოქალაქე თ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი ¹3/1497-09 ადმინისტრაციულ საქმეზე, სადაც მოსარჩელეა თ. ჯ-შვილი, მოპასუხე _ ქ. თბილისის მერია საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში შევიდა 2009 წლის 24 სექტემბერს (რეგისტრაციის ნომერი 32-267), ანუ 369.1 მუხლით განსაზღვრულ ვადაში /იხ. ს.ფ. 190/, თუმცა მითითებული სააპელაციო საჩივრის დედანი საქმეში არ მოიპოვება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ თ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უნდა გამოითხოვოს სათანადო მტკიცებულებები და მათი შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გააკეთოს სათანადო დასკვნა აპელაციის დასაშვებობის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს თუ თ. ჯ-შვილმა თავდაპირველი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 24 სექტემბერს, აღნიშნული რატომ არ ძევს საქმეში. ასევე სააპელაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის ადმინისტრაციული კოლეგიის სექტორის უფროსის ი. გ-ძის მიერ გაცემულ წერილს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის ¹466 ბრძანებულებით დამტკიცებული “რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ” დებულების მე-16 მუხლის თანახმად, მოქალაქეთა განცხადებების მიღებას ახორციელებს მოქალაქეთა მისაღები, ხოლო ამავე დებულების 25-ე მუხლის შესაბამისად, კორესპონდენციათა რეგისტრაციას უზრუნველყოფს კანცელარია (ექსპედიცია). Kმითითებული დებულების 34-ე მუხლის მიხედვით, კანცელარია ახორციელებს რა კორესპონდენციათა მიღებას, პირველად დამუშავებასა და რეგისტრაციას, ვალდებულია შემოსულ კორესპონდენციაზე დაუსვას შტამპი რეგისტრაციის ნომრისა და შემოსვლის თარიღის მითითებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ თ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას უნდა გამოიკვლიოს დაცულ იქნა თუ არა ზემოაღნიშნული დებულების მოთხოვნები თ. ჯ-შვილის მიერ საქალაქო სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივრის რეგისტრირებისას, ჰქონდა თუ არა ცდომილებას ადგილი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის ადმინისტრაციული კოლეგიის სექტორის უფროსის ი. გ-ძის მიერ გაცემული დოკუმენტი რამდენად შეესაბამება სინამდვილეს.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს რამდენი საქმე იხილება სასამართლოში, სადაც მოსარჩელეა _ თ. ჯ-შვილი, მოპასუხე _ ქ. თბილისის მერია, ანუ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია თუ არა წინამდებარე ადმინისტარციულ საქმეზე.

შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა თ. ჯ-შვილის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.