ბ-205-197(კს-10) 21 აპრილი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ ,,თ. ყ-ია”
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 19 ივნისს ი/მ ,,თ. ყ-იამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ფოთის რეგიონალური ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისა და მესამე პირების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ფოთის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ¹32 საგადასახადო მოთხოვნის, 2008 წლის 24 ნოემბრის საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის, შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 25 მარტის ¹720 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 5 ივნისის ¹10/7089 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ ,,თ. ყ-იას” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,თ. ყ-იამ”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლებრივი დევნის ნაწილში, 2008 წლის 23 დეკემბრის ¹32 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერებას, იმ მოტივით, რომ საქმის საბოლოო განხილვამდე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა მხარეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით ი/მ ,,თ. ყ-იას” შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საგადასახადო მოთხოვნის) მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.
სასამართლოს მითითებით, სისხლის სამართლებრივი დევნის ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია – გადასახადის გადამხდელი პირის მიმართ სისიხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია და საქმე სასამართლოს განხილვაშია. ასეთ დროს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება ნიშნავს, სასმართლოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეჩერებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია მხარეს აძლევს შესაძლებლობას არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა, რომლის მიზანია, დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციულ პროცესში გადაწყვეტილების მიღემბადე.
საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. ამასთან, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლისამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ,,საგადასახადო მოთხოვნის” მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადის ძირითადი თანხა.
სასამართლოს განმარტებით, მხარის უფლებადამცავი ინტერესი, რომ არ დაიწყოს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა – აღარ არსებობს.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ,,თ. ყ-იამ”.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინების გაუქმებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის ნაწილში, 2008 წლის 23 დეკემბრის ¹32 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ/მეწარმე ,,თ. ყ-იას” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს. ასეთ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება წინამდებარე დავის საგანი, კერძოდ, მოსარჩელე სარჩელის საფუძველზე ითხოვს ფოთის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 23 დეკემბრის ¹32 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ ჩერდება, თუ ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელების გადახდასთან. იმავე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ასევე არ შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი უკვე აღსრულებულია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული აკრძალვა სასამართლოს, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, არ ართმევს შესაძლებლობას, მხარის მოთხოვნით შეაჩეროს ზემომითითებული სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
მიუხედავად სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებისა, შეაჩეროს აქტის მოქმედება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული უფლების გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც, შესაძლოა, მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან აქტის შეჩერება მიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
განსახილველ კერძო საჩივართან მიმართებაში საკასაციო სასამართლო გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტი შეჩერების მოთხოვნის ნაწილში უკვე აღსრულებული, კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე თ. ყ-იას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ასეთ პირობებში დარღვეული უფლების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ამ აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უნდა შეწყდეს ან შეჩესრდეს საქმის წარმოება, რისი განხორციელების პროცესუალურ შესაძლებლობასაც ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდ/მეწარმე ,,თ. ყ-იას” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.