Facebook Twitter

ბს-207-199(კს-10) 15 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; გ. ქ-ძე; პ. ა-ია; მ. ქ-ია

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 21 აგვისტოს ზ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, პ. ა-იას, გ. ქ-ძისა და მ. ქ-იას მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა გენერალურ პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 იანვრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 იანვრის განჩინებით ზ. ბ-ძის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და ზ. ბ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე. ბ-ძე.

2008 წლის 21 ივლისს ე. ბ-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ზიანის სახით _ 700 000 აშშ დოლარისა და 1988-2001 წლებში მიუღებელი შემოსავლის _ 981 000 აშშ დოლარის, სულ _ 1 618 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში დაკისრება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ძემ, რომელმაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით ე. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ე. ბ-ძესა და მის წარმომადგენელს _ ნ. გ-შვილს 2008 წლის 16 დეკემბერს სარჩელისა და საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ, თუმცა გზავნილი სასამართლოს უკან დაუბრუნდა. მოსარჩელეს 2009 წლის 23 დეკემბერს განმეორებით გაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც 2009 წლის 24 დეკემბერს მის ძმას _ ა. ბ-ძეს ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ბ-ძემ სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 11 იანვარს შეიტანა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეს შეადგენდა, ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლებოდა და იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლებოდა ამავე კოდექსის 70-78 მუხლის შესაბამისად დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქარწყლდებოდა, ხოლო საჩივარი რომელიც შეტანილი იყო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი რჩებოდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ე. ბ-ძეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2009 წლის 24 დეკემბერს მის ძმას _ ა. ბ-ძეს ჩაბარდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ბ-ძისათვის ჩაბარებულად 2009 წლის 24 დეკემბერს უნდა ჩათვლილიყო, ხოლო აპელანტს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება 2010 წლის 7 იანვრის ჩათვლით ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, აღნიშნული დღე წარმოადგენდა უქმე დღეს, მხარეს გასაჩივრების უფლება მომდევნო დღის (2010 წლის 8 იანვრის) 24 საათამდე ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილ საფოსტო კონვერტზე არ იყო დასმული საფოსტო ბეჭედი და შესაბამისად, გზავნილის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ფაქტი არ დასტურდება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ბ-ძემ სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 11 იანვარს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით შეიტანა, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შეიტანა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული განჩინების მიღება გამოიწვია იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ საქმის ბოლო ტომში საფოსტო გზავნილის კონვერტის ნაცვლად ჩაკერებული იყო სხვა კონვერტი. საფოსტო გზავნილის კონვერტი კი, რომელზეც დასმული იყო გაგზავნის თარიღი _ 2010 წლის 6 იანვარი, ჩაკერების გარეშე მოთავსებული იყო სხვა ტომში, რის თაობაზეც უკვე შედგენილი და საქმეში წარმოდგენილი იყო შესაბამისი აქტი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის ძმას 2009 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა, სააპელაციო საჩივარი კი მან გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-13 დღეს შეიტანა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან 7 იანვარი იყო დასვენება, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადას 2010 წლის 8 იანვარი წარმოადგენდა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის კონვერტით მის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 _ დღიანი ვადის დაცვა დასტურდებოდა, მან დამატებით საქართველოს ფოსტის ქუთაისის ფილიალის მიერ გაცემული ცნობა და გზავნილის გაგზავნის ქვითრები წარმოადგინა, რაც ¹57 საფოსტო გზავნილის 2010 წლის 6 იანვარს ფოთის საქალაქო სასამართლოში გაგზავნის ფაქტს ადასტურებდა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ კონვერტს, რომელიც სასამართლოს ტექნიკური თანამშრომლის მიერ შეცდომით იყო ჩაკერებული, არ ჰქონდა დასმული თარიღი, იყო პატარა ზომის, ამასთან ამ კონვერტის მარცხენა ზედა კუთხეში მითითებული იყო ფოთის საქალაქო სასამართლო, რაც ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ გზავნილის გამგზავნი იყო ფოთის საქალაქო სასამართლო, ხოლო კონვერტის ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებული იყო ადრესატი, რომელსაც ამ კონვერტით ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა.

აღნიშნულიდან გამომდინარემ, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებით ე. ბ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ე. ბ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ძის ძმას _ ა. ბ-ძეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება 2009 წლის 24 დეკემბერს ჩაბარდა (ტომი 7, ს.ფ. 83). ამდენად, ე. ბ-ძეს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება 2009 წლის 7 იანვრის ჩათვლით ჰქონდა. ვინაიდან, აღნიშნული დღე წარმოადგენდა უქმე დღეს, მხარეს გასაჩივრების უფლება მომდევნო დღის (2010 წლის 8 იანვრის) 24 საათამდე ენიჭებოდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ,,...” ქვითრებით დასტურდება, რომ ე. ბ-ძემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2010 წლის 6 იანვარს ჩააბარა (ტომი 7, ს.ფ. 113-114). აღნიშნულ ფაქტს, ასევე ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი ,,...” ფილიალის ,,...” უფროსის 2010 წლის 5 თებერვლის ¹39 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შეკვეთილი წერილი ¹57 ქუთაისის ფოსტაში მიღებულ იქნა 2010 წლის 6 იანვარს და აღნიშნული წერილი ფოთის საქალაქო სასამართლოში იგზავნებოდა (ტომი 7, ს.ფ. 115).

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული თარიღი _ 2010 წლის 11 იანვარი წარმოადგენს სხვა საპროცესო საბუთის _ ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნ. გ-შვილისათვის გაგზავნის თარიღს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ბ-ძის საფოსტო გზავნილის კონვერტი, რომელზეც დასმული იყო გაგზავნის თარიღი _ 2010 წლის 6 იანვარი, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ შეცდომით იქნა ჩაკერებული საქმის მეხუთე ტომში, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწის 2010 წლის 6 თებერვლის აქტი (ტომი 7, ს.ფ. 108).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ბ-ძეს არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა მე-13 დღეს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ბ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ბ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.