Facebook Twitter

ბს-213-205 (კს-10) 12 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ი. ჩ-ავა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 16 ოქტომბერს ი. ჩ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულების და შესაბამისად, აღნიშნული სადავო აქტიდან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹23 განკარგულება, ი. ჩ-ავასათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ, აბაშის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 ივლისის ¹59-ე, 2003 წლის 31 მარტის ¹22-ე, 2003 წლის 23 ივნისის ¹39-ე, 2004 წლის 13 აპრილის ¹25-ე დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ი. ჩ-ავასათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობის უფლების შეწყვეტის ნაწილში. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ჩ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ჩ-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით ი. ჩ-ავას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2009 წლის 31 დეკემბერს ი. ჩ-ავამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მას არ ესმოდა ტერმინოლოგია და ვერ ხვდებოდა მისთვის სასარგებლოდ რა საკითხზე გაემახვილებინა ყურადღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მიიჩნია, რომ საჭიროებდა ადვოკატის მომსახურეობას და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება. სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ განსახილველი იყო რთული კატეგორიის ადმინისტრაციული საქმე და მხარეს კვალიფიციური ადვოკატისაგან უნდა მიეღო რჩევები. ადვოკატის საქმეში მონაწილეობით, გარკვეულ გარემოებებზე ყურადღების გამახვილებითა და სათანადო შეკითხვების დასმის შემთხვევაში საქმეზე შესაძლოა მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ი. ჩ-ავას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ი. ჩ-ავას მიერ გაშვებული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, მხარეთა პაექრობის სტადიაზე ი. ჩ-ავამ დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რათა უზრუნველეყო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობა. ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ი. ჩ-ავამ 2008 წლის 4 ნოემბრის განცხადების საფუძველზე სრულად მიიღო საქმის მასალების ქსეროასლები, რაც ასევე დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ 2009 წლის 31 დეკემბრის განცხადებას თან ერთვის 2008 წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმის ასლი. ამდენად, ი. ჩ-ავამ გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ განცხადება სასამართლოს წარუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ი. ჩ-ავას 2008 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინება გადაწყვეტილებასთან ერთად საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.

2010 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა ი. ჩ-ავამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იგი არ არის იურისტი და არ შეიძლება სცოდნოდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობის შესახებ. 2009 წლის 4 დეკემბერს მასსა და ადვოკატს _ ნ. ხ-ძეს შორის საადვოკატო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ადვოკატის მიერ საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლინდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, რაც მისთვის ცნობილი გახდა 2009 წლის 10 დეკემბერს. ი. ჩ-ავამ აღნიშნული თარიღიდან ერთთვიანი ვადის დაცვით წარადგინა განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით ი. ჩ-ავას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ავას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე, ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა შესაბამისი საფუძვლების არსებობა.

ი. ჩ-ავას მიერ სადავოდ გამხდარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ჩ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ი. ჩ-ავამ 2008 წლის 20 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, მხარეთა პაექრობის სტადიაზე დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, ვინაიდან სურდა სასამართლოში წარმოდგენილი ყოფილიყო ადვოკატით. სასამართლომ ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მიიჩნია, რომ იგი ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას (ტ. II, ს.ფ. 77-82). საოქმო განჩინების გამოცხადებას მხარე ესწრებოდა. ი. ჩ-ავას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რის შემდეგაც მან აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. საკასაციო საჩივრის პრეტენზია არ შეხებია იმ გარემოებას, რომ იგი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მიწვეული არ იყო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით.

ი. ჩ-ავა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატაში 2008 წლის 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მან იშუამდგომლა საქმის გადადების თაობაზე, ვინაიდან ამავე სხდომაზე მიიჩნია, რომ იგი ვერ შეძლებდა სათანადოდ საკუთარი ინტერესების დაცვას და საქმის განხილვისას წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ადვოკატით. ამასთან, კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ადვოკატის მომსახურების მიღების შემდეგ, საიდანაც დაცულია კანონით დადგენილი განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტს, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს ან, თუ იგი ქმედუუნაროა, მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობა გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის XII თავით გათვალისწინებულია სასამართლოში წარმომადგენლის მონაწილეობა. აღნიშნულ თავში მოცემული ნორმები ერთმანეთისაგან განასხვავებს წარმომადგენელსა და კანონიერ წარმომადგენელს, ასევე მათთვის უფლებამოსილებების მინიჭების საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, იმათან დაკავშირებით, რომ მას, როგორც არაიურისტს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ის გარემოება, რომ ადვოკატთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მხოლოდ 2009 წლის 10 დეკემბერს გაიგო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლის არსებობის შესახებ, ვერ იქნება მიჩნეული ხანდაზმულობის ვადის ათვლის თარიღად. ი. ჩ-ავა საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა თავად, ადვოკატის გარეშე. არც განცხადებაში და არც კერძო საჩივარში იგი არ მიუთითებს, რომ საქმის განხილვაში მას მონაწილეობა არ მიუღია ან საჭირო იყო მისი კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა, რომლისთვისაც სადავო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ ცნობილი გახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამდენად, თუ იარსებებდა აღნიშნული საფუძველი სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა უნდა ათვლილიყო ი. ჩ-ავასათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გაცნობის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხს, განცხადების დაშვების ამა თუ იმ პირობის არარსებობა წარმოადგენს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს. შესაბამისად, მართებულია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარეს სააპელაციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისა და საქმის მასალების მიღების შემდეგ შეეძლო გაეგო არსებობდა თუ არა 2009 წლის 31 დეკემბრის განცხადებით დაყენებული მოთხოვის საფუძველი და შესაბამისად, ამ დროიდან უნდა მომხდარიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებანი მისი გაუქმების საფუძველს არ ქმნის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ავას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჩ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.