ბს-216-213 (კს-11) 30 მარტი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – რ. მ-შვილი;
მოწინააღმდეგე მხარეები_ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭო;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 იანვრის განჩინება;
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 18 ივნისს რ. მ-შვილმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა თბილისის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 17 დეკემბრის ¹002-3833 შეტყობინების, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის ¹895 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა ასევე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება ან განაწილვადება საქმის განხილვის დასრულებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით რ. მ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და მიეცა 7 დღის ვადა მის გამოსასწორებლად. ამავე სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ და აპელანტს გაუგრძელდა ვადა 7 დღით. 2010 წლის 28 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა რ. მ-შვილის განცხადება, რომლითაც კვლავ მოითხოვა ვადის გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 იანვრის განჩინებით რ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტისათვის გაგზავნილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე_ქ. თბილისის, ... ქ. ¹3ა-ში 35 ბინაზე ჩაჰბარდა აპელანტს პირადად 2010 წლის 18 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ განცხადება რ. მ-შვილმა ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 28 დეკემბერს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 19 დეკემბრიდან და ამოიწურა 2010 წლის 27 დეკემბერს (ვინაიდან 25 და 26 დეკემბერი დაემთხვა უქმე დღეებს).
სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 60.2 და 61.2 მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობაზე, ვინაიდან რ. მ-შვილმა სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში (2010 წლის 27 დეკემბრამდე) არ წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და არც იშუამდგომლა ვადის გაგრძელების შესახებ.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. მ-შვილმა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში ერთი დღის დაგვიანებით 2010 წლის 28 დეკემბერს იმიტომ იყო წარდგენილი, რომ სააპელაციო სასამართლოს კანცელარიამ უარი განაცხადა 27 დეკემბერს განცხადების მიღებაზე, რადგან 18:00 საათზე მთავრდებოდა სამუშაო დღე.
Kკერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კანონმდებლობით პირს მინიჭებული აქვს უფლება, ხარვეზი შეავსოს ხარვეზის შევსებისათვის განკუთვნილი უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს თავისი ბრალით არ გაუშვია სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თუ პირს დაუწესდება რაიმე შეზღუდვა, მას უნდა მიეცეს საკუთარი უფლების განხორციელების ალტერნატიული საშუალება, რომელიც პირისათვის ხელმისაწვდომი და განსახორციელებელი იქნება, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ როგორც სახელმწიფო ფოსტა, ასევე კერძო საფოსტო კომპანიებიც დღის 18:00 საათამდე ახორციელებენ გზავნილების მიღებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსათვის გადაგზავნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რ. მ-შვილის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში, სააპელაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან განაწილვადება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით რ. მ-შვილს უარი ეთქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასა და განაწილვადებაზე. სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე. 2010 წლის 24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა რ. მ-შვილმა, რომელმაც ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა რ. მ-შვილის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ და რ. მ-შვილს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზისათვის მიცემული საპროცესო ვადა 7 დღით, რომლის ათვლაც დაიწყო განჩინების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან. საქმეში დაცული შპს “...” “შეტყობინების ბარათით გზავნილების ჩაბარების შესახებ” დასტურდება, რომ რ. მ-შვილმა აღნიშნული განჩინება ჩაიბარა პირადად 2010 წლის 18 დეკემბერს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინების (სააპელაციო საჩივარში დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ) ასლი რ. მ-შვილს ჩაბარდა 18 დეკემბერს (ს.ფ. 202), ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 19 დეკემბერს. სააპელაციო საჩივრის ავტორს უფლება ჰქონდა საპროცესო მოქმედება შეესრულებინა 2010 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით (ვინაიდან 25 და 26 დეკემბერი დაემთხვა უქმე დღეებს), ან ოცდაოთხ საათამდე გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. საგულისხმოა, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა შესაძლებელია აღიძრას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, რ. მ-შვილმა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით სააპელაციო სასამართლოს მიმართა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის რ. მ-შვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
Aამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-შვილმა გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეუვსია და ამასთან, ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.