¹ბს-223-220(კს-11) 14 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-ე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 სექტემბერს თ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ვ. კ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის – ქალაქის მთავარი არქიტექტორის მოადგილის მიერ შეთანხმებული 2002 წლის 8 ნოემბრის ¹01-12/144 არქიტექტორული პროექტის, მთავარი არქიტექტორის მოადგილის მიერ 2006 წლის 8 ნოემბერს გაცემული ¹01-12/144 მიმართვისა და ქალაქის მთავარი არქიტექტორის მოადგილის 2004 წლის 12 იანვრის ¹01-12/850 მომართვის არარად აღიარება, ასევე, მათ საფუძველზე საჯარო რეესტრში 93.34 კვ.მ დამხმარე ნაგებობაზე რეგისტრირებული უფლებისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის 2006 წლის 19 ივნისის ¹01-16/592 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის განხილვის დავალება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განჩინებით განუხილველი დარჩა ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული ქ. ბათუმის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის – ქალაქის მთავარი არქიტექტორის მოადგილის მიერ შეთანხმებული 2002 წლის 8 ნოემბრის ¹01-12/144 არქიტექტორული პროექტი, მთავარი არქიტექტორის მოადგილის მიერ 2006 წლის 8 ნოემბერს გაცემული ¹01-12/144 მიმართვა და ქალაქის მთავარი არქიტექტორის მოადგილის 2004 წლის 12 იანვრის ¹01-12/850 მომართვა მათი მიღების დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ვ. კ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება 93.34 კვ.მ. დამხმარე ნაგებობაზე და ქ. ბათუმის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიერ 2006 წლის 19 ივნისის ¹01-16/592 ბრძანება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელანტ (მოპასუხე) ვ. კ-ესა და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) თ. გ-ეს შორის დამტკიცდა მორიგება; ადმინისტრაციულ საქმეზე თ. გ-ის სარჩელისა გამო ვ. კ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ბათუმის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის (ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური) მიმართ შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა მორიგებისა და მოსარჩელე თ. გ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
2010 წლის 1 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თ. გ-ემ, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით თ. გ-ის განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შესახებ და განახლდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სხდომაზე ვ. კ-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მისმა მარწმუნებელმა ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹7-ში მდებარე უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ნ. კ-ეს, ჯერ კიდევ მხარეთა მორიგებამდე და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინების გამოტანამდე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე, კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების კანონით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ვ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ განჩინება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ისე, რომ არ დაადგინა, როდის გახდა ცნობილი თ. გ-თვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა ყოფილი აღმასრულებლის – მ. დ-ას და ამჟამინდელი აღმასრულებლის – ი. ო-ის დაკითხვის თაობაზე, რომელთა ჩვენებებიდან პირდაპირ დადგინდებოდა, რომ თ. გ-თვის ჯერ კიდევ 2009 წელს იყო ცნობილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ. ასევე, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მტკიცებულებათა, კერძოდ, ამჟამინდელი აღმასრულებლის _ ი. ო-ის მიერ გაცემული ცნობის წარდგენის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით ვ. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ვ. კ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები, ხოლო ამავე კოდექსის 423-ე მუხლში ჩამოთვლილია ის გარემოებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. გ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹7-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მორიგება, ვ. კ-ემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ნ. კ-ეს, ჯერ კიდევ მხარეთა მორიგებამდე და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინების გამოტანამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში ჩამოთვლილი გარემოებების (რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას) მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს, რომელმაც სასამართლოს უნდა წარუდგინოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის მხრივ უფლებამოსილია დააკმაყოფილოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება თუ მიიჩნევს, რომ ის საფუძვლიანია.
სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა თ. გ-ის განცხადება და განაახლა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თ. გ-ის განცხადების განხილვისა და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით დგინდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი გარემოება, რაც ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს ქმნიდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. გ-თვის ჯერ კიდევ 2009 წელს იყო ცნობილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების საფუძვლიანობა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი და პირობები, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ დამტკიცებულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.