¹ბს-233-230(კს-11) 14 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი/მ «მ. ს-ე”
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური; სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 16 ივლისს ი/მ «მ. ს-ემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 31 დეკემბრის ¹03/777 ბრძანების, 2010 წლის 8 იანვრის ¹1 „საგადასახადო მოთხოვნის“ (სალარო აპარატთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმის გარდა), 2010 წლის 3 თებერვლის ¹2 „საგადასახადო მოთხოვნის“ (სალარო აპარატთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმის გარდა), საქართველოს ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 მარტის ¹1222 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 10 მაისის ¹03/6812 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი/მ «მ. ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „მ. ს-ემ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ი/მ „მ. ს-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება და სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირმა „საგადასახადო მოთხოვნა“, საგადასახადო ორგანოს, შემოსავლების სამსახურის, საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, სასამართლოში შეტანილი სარჩელი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, თუ მან ამ ვადაში არ გაასაჩივრა იგი. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბჭოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე მუხლში ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო. მე-3 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებში მითითებული ვადების დაუცველად სასამართლოში შეტანილ სარჩელზე შეწყვიტოს საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ „მ. ს-ეს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება 2010 წლის 13 მაისს ჩაბარდა. მან პირველად სარჩელი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში 25 მაისს (ანუ 12 დღის ვადაში) შეიტანა. ხარვეზის შეუვსებლობის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით ი/მ „მ. ს-ეს“ უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რომელიც კერძო საჩივრით არ გასაჩივრებულა. ი/მ „მ. ს-ემ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მეორე სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 16 ივლისის შეიტანა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ წყდება. შესაბამისად, ი/მ „მ. ს-ემ“ სარჩელი სასამართლოში შეიტანა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან არა მე-10, არამედ 34-ე დღეს, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების მოთხოვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი/მ „მ. ს-ემ“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქმის მასალებზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაზეც სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო საოქმო განჩინება შუადგომლობაზე უარის თქმის შესახებ და საქმე განიხილა არსებითად. ამასთან, აღნიშნული საოქმო განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და კანონიერ ძალაშია.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მოპასუხეთა მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარდგენილი არ ყოფილა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის დაუშვებლობის თაობაზე, რა დროსაც დადგინდებოდა მისთვის გზავნილის ჩაბარების დრო და ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სარჩელის წარდგენის ფაქტი.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და უსაფუძვლოდ მიიღო განჩინება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით ი/მ «მ. ს-ის” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი/მ «მ. ს-ის” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ი/მ «მ. ს-ემ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე სარჩელი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო შემთხვევაში აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, შეწყვიტა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179 მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას (მატერიალურ დასაშვებობას), რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე.
საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს (უფლებადამცავი ინტერესი, უშუალო და პირდაპირი ზიანი, ხანდაზმულობა). თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს გამწესრიგებელ სხდომას. მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ იმავე სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს და მაშასადამე არ არის დასაშვები, სასამართლო უფლებამოსილია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოშიც საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, შეწყვიტოს საქმის წარმოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლებოდა ყოფილიყო სარჩელის დასაშვებობის საკითხი და უთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას მიიღოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული სასამართლოს უფლებამოსილებაა, რომელსაც იგი საკუთარი ინიციატივით იყენებს, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამის თაობაზე მხარის შუამდგომლობა და არის თუ არა ცალკე გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სარჩელის დასაშვებობის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სადავოდ გამხდარი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადას, ხანდაზმულობას, რომელსაც სასამართლო საკუთარი ინიციატივით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ამოწმებს, ვინაიდან სარჩელზე უფლების არსებობა სწორედ მასზეა დამოკიდებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა, კერძოდ, ი/მ «მ. ს-ის” მიერ აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დაცვა, რის გამოც, ი/მ «მ. ს-ის” სარჩელზე სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, შეწყვიტა საქმის წარმოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ «მ. ს-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ «მ. ს-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.