ბს-241-231(კს-10) 5 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.09წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28.05.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი. ჯ-ელის მიმართ, რომლითაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 21252 ლარის, ზიანის სახით 2380,86 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების 997,10 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს 21252 ლარის 0,2%-ის ყოველდღიურად გადახდის დაკისრება მოითხოვა 2006 წლის 18 ივნისიდან ზემოაღნიშნული თანხის გადახდამდე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ი. ჯ-ელმა 15.12.05წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.08.06წ. ¹1682 ბრძანებით მოპასუხე ი. ჯ-ელი 07.06.06წ. დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.10.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. ჯ-ელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 997,10 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.09წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო ი. ჯ-ელის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 21 252 ლარის, ზიანის 2380,86 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 21 252 ლარის 0,2% დაკისრების შესახებ საქმის წარმოება შეწყდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.10.09წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.08.06წ. ¹1682 ბრძანებით ი. ჯ-ელი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. სამხედრო ნაწილის ¹...-ის მეთაურის 28.03.07წ. ¹68 ბრძანებით ი. ჯ-ელი კვლავ დაინიშნა შეიარაღებული ძალების რიგებში ახალი კონტრაქტის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVI თავის (06.04.09წ. ცვლილებებითა და დამატებებით) მე-2 პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში. ამავე თავის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა მისივე ინიციატივით მხარეთა შეთანხმებით ან/და კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის, პირგასამტეხლოს და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის, სამხედრო მოსამსახურეზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლაზე დახარჯული თანხის საკომპენსაციო თანხის გადახდის ვალდებულება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან ი. ჯ-ელი დაბრუნდა და მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო რიგებში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით იგი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან, შესაბამისად, არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულების მე-16 თავს. ამ ბრძანებულების მიხედვით, მოპასუხის მიმართ საქმის წარმოება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში აღნიშნული ბრძანებულება არ ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულების მე-16 თავს, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კერძო საჩივრის ფარგლებში კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ჯ-ელმა 15.12.05წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.08.06წ. ¹1682 ბრძანებით მოპასუხე ი. ჯ-ელი იმავე წლის 7 ივნისიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. 28.05.09წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ი. ჯ-ელისთვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს თანხებთან ერთად ზიანის სახით მის მომზადებაზე დახარჯული თანხის დაკისრება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.09წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ჯარიმის, ზიანის, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. კერძო საჩივრის ავტორი ეთანხმება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-16 თავი პირს ათავისუფლებს ჯარიმის და პირგასამხეტლოს ნაწილში, მიუხედავად ამისა კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის 29.12.09წ. განჩინებას ასაჩივრებს მთლიანად, ამასთანავე, ჯარიმის და პირგასამტეხლოს ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტაციას. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში” საქართველოს პრეზიდენტის 06.04.09წ. ბრძანებულებით შეტანილი დამატების _ XVI თავის მე-2 პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, აღნიშნული ვალდებულება წყდება თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში. თავდაცვის სამინისტროსა და ი. ჯ-ელს შორის 22.03.07წ. დადებული კონტრაქტით და სამხედრო ნაწილის ¹... მეთაურის 28.03.07წ. ¹68 ბრძანებით დასტურდება, რომ ი. ჯ-ელი კვლავ გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 28.05.09წ. სასარჩელო განცხადებაში და სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხა _ 2380,86 ლარი წარმოადგენს ი. ჯ-ელის მომზადებაზე დახარჯულ თანხას, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არის საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან დებულების მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ამ თავის მე-2 პუნქტის “ა.ბ” ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ დებულების XVII თავის (გარდამავალი დებულებანი) პირველი პუნქტის თანახმად XVI თავის მოქმედება (გარდა პირველი პუნქტისა) ვრცელდება აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე წარმოქმნილ ფინანსურ ვალდებულებებზე, ხოლო საქმეზე დადგენილია, რომ ი. ჯ-ელმა თავდაპირველად კონტრაქტი 15.12.05წ. გააფორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.09წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.