ბს-241-238(კს-11) 11 მაისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ა.-ა”
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
დავის საგანი –სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 26 ივნისს ამხანაგობამ “ძ.-ი” სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის შპს “ა.-ს” მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე _ საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 12 ნოემბრის საოქმო (ოქმი ¹51) გადაწყვეტილების; 2009 წლის 14 იანვრის საოქმო (ოქმი ¹2) გადაწყვეტილების; ქ. ბათუმში, ...-ი ქ. ¹4-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე 166 მ2-ზე და 142,8 მ2 შენობა-ნაგებობაზე შპს “ა.-თვის” 2009 წლის 14 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ¹967; 2009 წლის 20 მაისის საოქმო (ოქმი ¹17) გადაწყვეტილების და მოპასუხე – საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის: 2009 წლის 16 იანვარის გადაწყვეტილების ¹...; 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების ¹...-03 ბათილად ცნობა.
2009 წლის 18 ივნისს-შპს “ა.-ს” დირექტორმა _ ნ. ჭ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ და მოითხოვა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 20 მაისის ¹17 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების, ამავე კომისიის მიერ შპს “ა.-ზე” 2009 წლის 14 იანვარს გაცემული ¹967 საკუთრების მოწმობის შეჩერების თაობაზე, ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით შპს “ა.-ს” სარჩელი მოპასუხის - თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომიისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, წარმოებით გაერთიანდა ამხანაგობა “ძ.-ს” სარჩელთან მოპასუხეების - (¹3-198/09წ.) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის შპს “ა.-ს” მიმართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ამხანაგობა “ძ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ: დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 12 ნოემბრის ¹51 საოქმო გადაწყვეტილება შპს “ა.-ს” ნაწილში.
დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 14 იანვრის ¹2 საოქმო გადაწყვეტილება შპს “ა.-ს” ნაწილში და 2009 წლის 14 იანვარს გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ¹967. (იხ. ს.ფ. 258; ტ. III); ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 20 მაისის ¹17 საოქმო გადაწყვეტილება შპს “ა.-ს” ნაწილში. (იხ. ს.ფ. 259; ტ. III); ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 იანვრის ¹... გადაწყვეტილება. ამხანაგობა “ძ.-ს” უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 02 ივნისის ¹... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული მოტივების გათვალისწინებით ხელახლა განიხილოს შპს “ა.-ს” განცხადება ქ. ბათუმში ...-ის ქ. ¹4-ში მდებარე 165,3 კვ.მ. მიწის საკუთრებაში საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. შპს “ა”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 20 მაისის ¹17 საოქმო გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა.-ს” დირექტორმა _ ნ. ჭ.-მ და მოითხოვა საოქმო განჩინების (საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება, საქმეზე წარმოების შეწყვეტა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს “ა”-ს სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ა.-ს” დირექტორმა _ ნ. ჭ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 08 ივნისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს “ა.-ს” დირექტორის ნ. ჭ.-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მხარეს _ შპს “ა.-ს” ჩაჰბარდა თუ არა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევისთვის. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა შპს “ა.-ს” დირექტორის ნ. ჭ.-ს მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს “ა.-ს” სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ჭ.-ა ადასტურებს ხსენებულ გზავნილზე მისი ხელით შესრულებულ ჩანაწერებს და ხელმოწერას. სასამართლოს რწმენის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ნ. ჭ.-ს ხელმოწერა ვიზუალურად მის მიერ დადასტურებულ სხვა ხელმოწერებთანაც შედარდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოწმის სახით დაბარებულ რ. ქ.-ის ახსნა-განმარტებებზე, რომლის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნ. ჭ.-მ განაცხადა, რომ იცოდა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის თაობაზე.
მხარეთა და მოწმის განმარტებების საქმის მასალებთან ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. ჭ.-ს განმარტება ხსენებულ გზავნილზე წინა რიცხვით ხელმოწერასთან დაკავშირებით არადამაჯერებელია, არასწორია და მოგონილია სასამართლოს შეცდომის შეყვანის მიზნით. ნ. ჭ.-მ გზავნილზე ხელი მოაწერა 2010 წლის 6 მაისს, საიდანაც უნდა ჩაითვალოს სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 63-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი შპს “ა.-ს” დირექტორს ნ. ჭ.-ს ჩაბარდა 2010 წლის 6 მაისს. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწურებოდა 2010 წლის 20 მაისს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია კანონით გათვალისწინებული 14 დღინი ვადის დარღვევით, 2010 წლის 21 მაისს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ა.-ს” დირექტორმა ნ. ჭ.-მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
Kკერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა. კერძოდ, არ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი _ მისი მივლინებაში ყოფნა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა მისი მივლინებაში ყოფნის ფაქტი, ვინაიდან სასამართლოსათვის წარდგენილი იყო მივლინებაში ყოფნის დოკუმენტები, ხოლო გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებულ დოკუმენტზე ჩაბარების რეალური თარიღის ნაცვლად მითითებულია 6 რიცხვი კურიერის მითითების შესაბამისად.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2010 წლის 3 მაისიდან 2010 წლის 12 მაისამდე იმყოფებოდა ქ. თბილისში, მივლინებით და შესაბამისად 2010 წლის 13 მაისამდე ფიზიკურად ვერ მიიღებდა შეტყობინებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ შპს “ა.-ს” დირექტორის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ა.-ს” დირექტორს ნ. ჭ.-ს ჩაბარდა 2010 წლის 6 მაისს. (ტ.III, ს.ფ. 200), სააპელაციო საჩივარი შპს “ა.-ს” დირექტორის ნ. ჭ.-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2010 წლის 21 მაისს (ტ. III, ს.ფ. 261).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი (სსსკ-ის 369.1. მუხლი) სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 71-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება მხარეს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, შპს “ა.-ს” დირექტორს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა პირადად 2010 წლის 6 მაისს, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია როგორც ამა თუ იმ მოქმედების შესრულების ვადები, ასევე საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ა.-ს” დირექტორს ნ. ჭ.-ს ჩაბარდა 2010 წლის 6 მაისს, სააპელაციო საჩივარი კი მის მიერ შეტანილია 2010 წლის 21 მაისს, სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 60.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო შპს “ა.-ს” დირექტორისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილით საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელ დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის სასამართლოში შეტანის ვადა ამოიწურა 2011 წლის 20 მაისს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის მოტივები გადაწყვეტილების ძველი რიცხვით ჩაბარების თაობაზე, რამდენადაც აღნიშნული ეფუძნება მხოლოდ მხარის განმარტებას და დადასტურებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, მხარის ძირითადი უფლება გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, ასევე შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრება მოხდეს კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შპს “ა.-ს” დირექტორის ნ. ჭ.-ს მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ა.-ს” დირექტორის ნ. ჭ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ა.-ს” დირექტორის ნ. ჭ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.