კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-263-253(კს-10) 4 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ლ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 იანვრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 2 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-263-253(კს-10) გ. ლ-შვილის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 იანვრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 396.1. “ე” მუხლის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივრის განაცხადი არ შეესაბამებოდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვასა და მისი კუთვნილი 25 ლარის დაბრუნებას. საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით შესწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც გ. ლ-შვილს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და შესწორების შეტანის შედეგად, განჩინების მე-6 აბზაციდან ამოღებულ იქნა წინადადება “კერძო საჩივარს ერთვის 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი”. შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში შესწორების შეტანის თაობაზე განჩინების კანონიერების შემოწმებისა და მისი გაუქმების პირობებშიც ვერ მოხდებოდა მისი კერძო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოს მიერ, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით განუხილველად დარჩა გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი, აღნიშნული განჩინება სსსკ-ის 419.3 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრის განაცხადში უთითებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ გაურკვეველი იყო, აყენებდა შუამდგომლობას სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 იანვრის განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარზე აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ, თუ ითხოვდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პირობებში სააპელაციო სასამართლოს მიერ მის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟისაგან. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 5 დღე (იხ.ს.ფ. 93-95).
კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს – გ. ლ-შვილს განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 24 მარტს (იხ.ს.ფ. 101), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 29 მარტს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.