Facebook Twitter

ბს-280-270 (კს-10) 26 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) – ზ. ო-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 28 ნოემბერს ზ. O-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც სამსახურში აღდგენა, ასევე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. O-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004 წლის 31 მაისის ¹121-კ ბრძანება, დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე ზ. O-შვილის განთავისუფლების შესახებ, ცნობილი იქნა ბათილად და გაუქმდა მისი შედეგი. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში, რანგით _ წინანდელის ტოლფას თანამდებობაზე, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების, სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზაურ ოტიაშვილის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. O-შვილის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2009 წლის 11 დეკემბერს ზ. O-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტება მოითხოვა.

განმცხადებელმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამუშაოზე მოწყობის თაობაზე. მასვე დაევალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დათხოვნის დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ზ. O-შვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დღემდე არ არის აღსრულებული. მას მხოლოდ ერთჯერ შესთავაზეს შეუფერებელი თანამდებობა. 2006 წლის 29 დეკემბერს აცნობეს, რომ მისი ყოფილი თანამდებობის საშტატო ერთეული გაუქმდა. 2009 წლის 12 იანვარს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილით ეცნობა, რომ სამინისტროში არ არსებობდა არც შესატყვისი და ანალოგიური თანამდებობა, ხოლო იძულებითი განაცდური ხელფასი აუნაზღაურდებოდა განთავისუფლებიდან აღნიშნული წერილის _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. დაანგარიშების შემდეგ იძულებითი განაცდური ხელფასის თანხამ შეადგინა 32 282 ლარი, რაც დადასტურებულია სამინისტროს მთავარი ბუღალტრის მიერ. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ვერ განხორციელდა ვერც აღმასრულებლის მიერ. დღეისათვის, 2004 წლის 31 მაისიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის თანხა შეადგენს 58 700 ლარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22 იანვრის განჩინებით ზ. O-შვილის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების განმარტების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ იყო ბუნდოვანი და იგი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ საჭიროებდა განმარტებას.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ო-შვილმა, რომელიც დაეთანხმა განცხადებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სათანადო გამოკვლევითა და შეფასებით უნდა გაარკვიოს არის თუ არა ანალოგიური ან სხვა შესატყვისი თანამდებობა, რაზეც თანახმა იქნება მოსარჩელე. მიუხედავად ამისა, სამინისტროს არ შეუსწავლია აღნიშნული საკითხი. ასევე არ აუნაზღაურებია იძულებითი განაცდური.

კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა განემარტა, რათა კონკრეტულად დადგენილიყო რა აქტი უნდა გამოსცეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გადაწყევტილების აღსრულების მიზნით, როდის და როგორ. ასევე როგორ უნდა მოხდეს იძულებითი განაცდური ხელფასის დაანგარიშება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით ზ. ო-შვილის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ზ. ო-შვილის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით და ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების განმარტებაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადისა და დამატებითი პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებელი ითხოვს არა გადაწყვეტილების განმარტებას, არამედ დამატებითი პირობების დადგენას, რაც, ფაქტობრივად, საქმის არსებით განხილვაში შესვლას ნიშნავს. ასევე დამატებითი პირობის დადგენად მოიაზრება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, რომლითაც იგი ითხოვს, დადგინდეს, თუ როგორ უნდა აუნაზღაურდეს მას იძულებითი განაცდური ხელფასი, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების წესი უკვე განსაზღვრულია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტება, თუ რა ვადაში და როგორ უნდა უზრუნველეყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება, არ არის ბუნდოვანი, შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ო-შვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ო-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.