¹ბს-280-277(კს-11) 13 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ამ 16.06.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 01.08.08წ. ¹5300-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.09წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.09წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.09.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 01.08.08წ. §5300-პ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ასევე დაევალა მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.10წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.09წ. გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინებით ნ. კ-ას სარჩელზე მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 01.08.08წ. §5300-პ ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნ. კ-ას 12.02.09წ. ჩაბარდა, რაც მის მიერ სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა 16.06.09წ. _ კანონით დადგენილი 1 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ამ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოსადმი მიმართვა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სასამართლოში გასაჩივრებამდე _ 12.02.09წ. მიმართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტს, რომლის 03.06.09წ. პასუხის შემდეგ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 01.08.08წ. ¹5300-პ ბრძანება თბილისის რეგიონალური ცენტრის მომსახურების სამმართველოს ........ განყოფილების ინსპექტორის _ ნ. კ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეს ჩაბარდა 12.02.09წ. (ს.ფ. 15), რასაც მხარე კერძო საჩივარშიც ადასტურებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი, რომელიც ადგენს ერთი თვის ვადაში სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე მიღებული ბრძანებების გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აღნიშნული აქტის გადაცემას. შესაბამისად, ნ. კ-თვის აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო სადავო აქტის მისთვის გადაცემიდან მომდევნო დღეს, კერძოდ, 2009 წლის 13 თებერვლიდან და დასრულდა 13.03.09წ., დღის 24 საათზე. ხსენებულის მიუხედავად, მოსარჩელემ სასამართლოს სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით 16.06.09წ., ანუ მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემიდან 4 თვის შემდეგ მიმართა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში სადავო ბრძანების გასაჩივრების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულის მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. კ-ამ სარჩელის დასაშვებობისთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით მიმართა სასამართლოს, რაც სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას სარჩელზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეწყდა საქმის წარმოება, შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.