Facebook Twitter

¹ბს-290-287(კს-11) 20 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ო-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ო-მა 02.11.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 26.08.10წ. ¹218 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ..... ქ. ¹64-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ა. ო-ის საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.10წ. გადაწყვეტილებით ა. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.08.10წ. გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი ¹218) ბათილად ცნობაზე და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენელს მ. ს-ეს 16.11.10წ. გაეგზავა სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ..... გამზირი 41. I ჩიხი, I სართული და 18.11.10წ. ჩაბარდა ადმინისტრაციას _ მ. ვ-ეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.10წ. გადაწყვეტილება 03.12.10წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინებით აპელანტ ა. ო-ის წარმომადგენლის მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.10წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.10წ. გადაწყვეტილება ა. ო-ის წარმომადგენელს მ. ს-ეს 18.11.10წ. ჩაბარდა. სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა აპელანტისათვის 19.11.10წ. დაიწყო და ამავე კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, 02.12.10წ. 24:00 საათზე დასრულდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ო-ის წარმომადგენელმა მ. ს-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თითქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.10წ. გადაწყვეტილება ა. ო-ის წარმომადგენელს მ. ს-ეს 18.11.10წ. ჩაბარდა. საქმეში არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი მ. ს-ის ხელმოწერილი დოკუმენტი, ხოლო უწყებაზე ხელმომწერი პირი მისთვის უცნობია, ასეთი პირის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარება არ ჩაითვლება მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ ჩაბარებულად, რადგან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ჩაბარდეს პროცესის მონაწილე პირს (მხარეს), საიდანაც აითვლება გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონისმიერი (14 დღიანი) ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ო-ის წარმომადგენლის მ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.10წ. გადაწყვეტილება ა. ო-ის წარმომადგენელის მ. ს-ის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე 18.11.10წ. ჩაბარდა ადმინისტრაციას, რაც დასტურდება გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მ. ვ-ის (პირადი ¹01009000259) ხელმოწერით (ს.ფ. 118). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.10წ. გადაწყვეტილების მისთვის 18.11.10წ. ჩაუბარებლობის ფაქტს, ხოლო მხარეს არ წარმოუდგენია 118-ე გვერდზე არსებული მტკიცებულების გარდა სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მისთვის სხვა დროს ჩაბარების ფაქტს.

საკაციო პალატამ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თვლის, რომ ა. ო-ის წარმომადგენლის მ. ს-ის კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებენ, რომ მ. ს-ის მიერ სამუშაო ადგილის მიხედვით მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია მის ორგანიოზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რის გამოც მ. ვ-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.11.10წ. გადაწყვეტილების ჩაბარება მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლით გათვალისწინებულ ადრესატისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინებით ა. ო-ის წარმომადგენლის მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ო-ის წარმომადგენლის მ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.10წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.