Facebook Twitter

ბს-292-281 (კს-10) 16 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი/მ “...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 01.02.2010წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 10.09.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხობის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ი/მ “...” მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს თანხის-50497 ლარის 0,3% - 28 631,61 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ხობის რაიონული სასამართლოს 10.11.09წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ი/მ “...” ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 28 631,61 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,...’’.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 30.12.09წ. განჩინებით მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა ხარვეზად და აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნული განჩინება ნ. ბ-იამ ჩაიბარა 06.01.2010წ., ხოლო მისმა წარმომადგენელმა დ. პ-ვამ- 11.01.2010წ.

ი/მ ,,...’’ წარმომადგენელმა 20.01.2010წ. ფოსტის მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გაუგზავნა განცხადება ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და სს “...” ხობის ფილიალის 18.01.2010წ. ¹7 ცნობა, რომლითაც ი/მ ,,..’’ მიმდინარე ანგარიშზე დღეის მდგომარეობით ნაშთი არ გააჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2010წ. განჩინებით ი/მ ,,...’’ სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.09წ. განჩინების ასლი ი/მ ,,...’’ 06.01.2010წ. ჩაბარდა. მითითებული განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დაუდგინა 10 დღე, შესაბამისად, მხარე ვალდებული იყო ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება (ბაჟის გადახდის ქვითარი) ან ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ განცხადება წარმოედგინა 2010 წლის 18 იანვრის ჩათვლით. განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტისა და მისი წარმომადგენლის მიერ შედგენილია 20.01.2010წ. და იმავე დღეს ფოსტის მეშვეობით გადმოეგზავნა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიჩნია, რომ განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სასამართლოში წარდგენილია სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ სსკ 59-ე, 63-ე და 368-ე მუხლებზე მითითებით, ჩათვალა, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.09წ. განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტის მიერ არ შესრულდა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2010წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ “...” წარმომადგენელმა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2010წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მან არ შეავსო ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ხობის რაიონული სასამართლოს 10.11.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მისი მარწმუნებლის ი/მ ,,...’’ და მის მიერ ერთობლივად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.09წ. განჩინება ჩაიბარა 11.01.2010წ., როგორც წარმომადგენელმა და საჩივრის შემტანმა, ხარვეზი შეავსო განჩინებით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც მის მიერ წარდგენილ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ 06.01.2010წ. მისი მარწმუნებლის სახელით განჩინების ჩაბარების საფოსტო გზავნილზე ხელმოწერა შესრულებული იქნა მისი მარწმუნებლის ძმის გ. ბ-იას მიერ, რომელსაც აღნიშნული განჩინება აპელანტისათვის არ გადაუცია, შესაბამისად, 2010 წლის 11 იანვრამდე სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი ნ. ბ-იასათვის ცნობილი არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ,,..’’ წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 30.12.09წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ ი/მ ,,..’’ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი. განჩინებაში აღინიშნა, რომ აპელანტმა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის- 1 145 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში უნდა წარადგინოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში შევსების შესახებ, რადგან საქმის მასალებით, კერძოდ, საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს ნ. ბ-იას 06.01.2010წ. ჩაჰბარდა. ასკ-ის 13.2 მუხლის თანახმად წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა წარმომადგენლისათვის (11.01.10წ.), არამედ მხარისათვის (06.01.10წ.) ჩაბარების მომდევნო დღიდან- 2010 წლის 07 იანვრიდან და დასრულდეს 2010 წლის 18 იანვარს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე 16 იანვარი იყო შაბათი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 06.01.2010წ. უწყებაზე მისი მარწმუნებლის სახელით ხელმოწერა შესრულებულია მისი ძმის გ. ბ-იას მიერ, ვინაიდან ს.ფ.135-ზე წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა მარწმუნებელმა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლით თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოძახებული პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებს აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. შეტყობინების ბარათი არ შეიცავს ხსენებული მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემებს, შეტყიბინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება პირადად ჩაიბარა ნიკოლოზ ბერაიამ. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მიღებულია არა აპელანტის ნ. ბ-იას, არამედ მისი ძმის გ. ბ-იას მიერ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იქნა დატოვებული განუხილველად. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2010წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1 ი/მ “...” წარმომადგენლის დ. პ-ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2010წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.