Facebook Twitter

ბს-301-290 (კს-10) 26 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 29 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ შპს “...” მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის 550 570 (ხუთას ორმოცდაათი ათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ, საბოლოოდ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “...” დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დავალიანების – მიღებული სესხის, დარიცხული სარგებლის, პროცენტისა და საურავის, სულ 550 570 ლარის გადახდა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის წარდგენისათვის.

2010 წლის 11 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს “...” და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობამდე შემცირება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა კიდევ 7 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი არ ყოფილა არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც განცხადება ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ შპს “...” გაკოტრების ფაქტი წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მტკიცებულებას, რაც მითითებული იყო მათ მიერ 2010 წლის 4 იანვარს წარდგენილ განცხადებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით, შპს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ, მართალია, შპს “...” მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებულ იქნა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე, რომლის დასადასტურებლად მხარემ წარადგინა დოკუმენტები, მაგრამ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებდნენ დაყენებული შუამდგომლობის საფუძვლიანობას და მხარეს უნდა განსაზღვროდა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად ან დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად (ტ. II, ს.ფ. 3-4). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინების საფუძველზე შპს “...” 2010 წლის 11 იანვარს წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტებით დასტურდებოდა საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან მინიმალური ოდენობის დაკისრება (ტ. II, ს.ფ. 16). აღნიშნული განცხადების განხილვის შედეგად სააპელაციო პალატამ 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ არ იყო გამოსწორებული ხარვეზი და მას ხარვეზის შესავსებად უნდა მისცემოდა დამატებითი ვადა. აღნიშნული განჩინება ფოსტის მეშვეობით შპს “...”, ასევე მის წარმომადგენელს ჩაბარდათ 2010 წლის 21 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 23-24). დადგენილია, რომ მათ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, არ წარუდგენიათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან რაიმე განცხადება, რის საფუძველზეც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა დამატებით ემსჯელა მხარის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “...” 2010 წლის 21 იანვარს ჩაიბარა რა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, მას წარმოეშვა ვალდებულება განჩინებაში მითითებულ ვადაში _ 7 დღეში კვლავ მიემართა სასამართლოსთვის და წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან მისი გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამდენად, გარდა იმ სავარაუდო საპროცესო მოქმედებებისა, რაც სასამართლო განჩინებით დაევალა მხარეს, გააჩნდა ასევე უფლება დასაბუთებული შუამდგომლობით მოეთხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება, რაც მას ასევე არ განუხორციელებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოსთვის უნდა მიემართა 2010 წლის 28 იანვრის 24 საათამდე, რაც მას არ განუხორციელებია. მას ასევე არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელება.

ამდენად, მითითებული მუხლის დებულებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, რაც არ იძლევა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.