Facebook Twitter

¹ბს-340-337(კს-11) 4 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ც.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.11წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც.-მ 02.10.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების მიმართ, რომლითაც საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ მოპასუხის 05.09.08წ. გაფრთხილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.09.10წ. გადაწყვეტილებით ნ. ც.-ის სარჩელი ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.10წ. განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად _ 150 ლარის გადასახდელად განესაზღვრა ვადა 5 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.

ნ. ც.-მ 17.12.10წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 7 დღით გაგრძელება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.10წ. განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 დღით განჩინების ასლის გადაცემიდან. აღნიშნული განჩინება ნ. ც.-ე 20.12.10წ. გაეგზავნა და 22.12.10წ. ჩაბარდა პირადად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.11წ. განჩინებით ნ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.09.10წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს 20.12.10წ. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე – ქ. ქობულეთი, ...-ის ქ. ¹.... საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდებოდა, რომ გზავნილი ნ. ც.-ს 22.12.10წ. ჩაჰბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზი შეეძლო შეევსო 27.12.10წ. ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა, რის გამოც ნ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.11წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ც.-მ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების სტადიიდან განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.11წ. განჩინება უნდა გაუქმდეს, განახლდეს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება და სასამართლოს მიერ დადგინდილი ხავეზის შესავსებად დამატებით უნდა განესაზღვროს ახალი ვადა, რადგან ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, აგრეთვე სხვა მოვლენებს, რომლებმაც ხელი შეუშალეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ – 5 დღიან ვადაში შეევსო ხარვეზი პირადად ან სხვა პირისთვის დაევალებინა მისი შევსება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ დედა ჰყავდა მძიმე ავადმყოფი, რის შესახებაც სასამართლოს დროულად ვერ აცნობა. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.11წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ც.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. იმავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.12.10წ. განჩინებით ნ. ც.-ს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღით, სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა რომ, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება ნ. ც.-ს 20.12.10წ. გაეგზავნა და 22.12.10წ. ჩაბარდა პირადად. შპს “ს.-ს” გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ადრესატის ხელმოწერის გასწვრივ მითითებულია ნ. ც.-ის ხელმოწერა (ს.ფ. 209), რის გამოც სასამართლოს მიერ გაგზავნილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი გზავნილის მისთვის ჩაბარება წარმოადგენს განჩინებით განსაზღვრული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს. ნ. ც.-ს ხარვეზის გამოსწორების ვადა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად 27.12.10წ. 24 საათზე ამოეწურა, რომელიც არ ემთხვეოდა 61.2 მუხლით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეს და იყო ორშაბათი, რაც ადასტურებს, რომ ნ. ც.-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც მას შემდეგ არ წარმოუდგენია ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება დაუძლეველი ძალის არსებობის _ დედის ავადმყოფობის შესახებ, რომელმაც ხელი შეუშალა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. 215.3 მუხლის შესაბამისად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობაზე. კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით ნ. ც.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც ნ. ც.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.11წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ც.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.11წ. განჩინება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.