ბს-34-33(კს-11) 21 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 15 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის შუამდგომლობა; ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” ყადაღადადებული ქონება რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში (ს/ნ ..., იურიდიული მისამართი: ხონი, ... ქ. 30. მატერიალური ან/და არამატერიული აქტივები); ბრძანების შესრულება დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს.
აღნიშნული ბრძანება ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” მიერ გასაჩივრებულ იქნა საჩივრით, რომლითაც ითხოვდა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებასა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება.
სააპელაციო სასამართლოს ბრძანება ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით, რომლითაც ითხოვდა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ის სასამართლო აქტები, რომელთა კერძო საჩივრით გასაჩირების წესიც პირდაპირაა დადგენილი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოცემულ შემთხვევაში კი ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის შესახებაც განემარტათ მხარეებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული ბრძანებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის ბრძანებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2123 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდმეწარმე ,,ზ. ბ-ის” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.