ბს-354-339(კს-09) 3 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ვ-ვას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ 19.07.02წ. გ. თ-იანისა და ნ. მ-იანის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹3, ბინა ¹34-ზე მიშენებული აივნის დანგრევა, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა, ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და აღნიშნული ხარჯების მოპასუხეებისთვის დაკისრება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირებმა თ. შ-შვილმა და ლ. ვ-ვამ დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართეს მოპასუხეების - გ. თ-იანისა და ნ. მ-იანის წინააღმდეგ და ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹3, ბინა ¹34-ზე მიშენებული აივნის დანგრევა, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა, ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და აღნიშნული ხარჯების მოპასუხეებისთვის დაკისრება მოითხოვეს.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.03წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე – თბილისის ,,არქმშენინსპექციის” სარჩელი და მესამე პირების – თ. შ-შვილისა და ლ. ვ-ვას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გ. თ-იანსა და ნ. მე-იანს ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹3, ბინა ¹34-ზე მიშენებული აივნის მონგრევა, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაევალათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. თ-იანმა და ნ. მ-იანმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირმა – თ. შ-შვილმა უარი თქვა სარჩელზე და ამავე სასამართლოს 19.03.04წ. განჩინებით თ. შ-შვილის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
საოლქო სასამართლოს 21.05.04წ. საოქმო განჩინებით გ. თ-იანი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ და შეიცვალა სათანადო მოპასუხით ნ. მ-იანით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.05.04წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-იანის და გ. თ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 19.05.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისის ,,არქმშენინსპექციის” და ლ. ვ-ვას სარჩელები დაკმაყოფილდა, ნ. მ-იანს ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹3, ბინა ¹34-ზე მიშენებული აივნის დანგრევა, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-იანმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.01.05 წ. განჩინებით ნ. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც 27.11.06წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ნ. მ-იანმა და გ. თ-იანმა 07.02.08წ. განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაცემული 27.11.06წ. სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.03.08წ. განჩინებით ნ. მ-იანისა და გ. თ-იანის განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.06წ. სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერდა სადავო მიშენების ლეგალიზების შესახებ საკითხზე თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-იანმა და გ. თ-იანმა განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს ( ამჟამად ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს) აივნის დაკანონების მოთხოვნით და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი” იძლეოდა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგელიზების შესაძლებლობას. აღნიშნული ბრძანებულება შეეხებოდა იმ კატეგორიის საქმეებს, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი ჰქონდა 21.05.04წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება 29.12.08წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ვ-ვამ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ნ. მ-იანის ბინაზე მიშენებული აივანი ლახავს მის უფლებებს, რის გამოც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. მ-იანს დაევალა აღნიშნული აივნის დანგრევა და ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა უკანონოდ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე და 267-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს უფლება არა აქვთ სადავო გახადონ დადგენილი ფაქტები, სამართლებრივი ურთიერთობანი და გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას.
10.04.09წ. განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. სსკ-ის 408.3, 420-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი ზეპირი განხილვის გარეშე იქნა განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.05.04წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-იანის და გ. თ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 19.05.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თბილისის “არქმშენინსპექციის” და ლ. ვ-ვას სარჩელები დაკმაყოფილდა, დაევალა ნ. მ-იანს: დაანგრიოს თბილისში, ...ის ქუჩა ¹3, ბინა 34-ში მიშენებული აივანი, ტერიტორია გაწმინდოს ნანგრევებისაგან და ბინის ფასადი მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. სასამართლო გადაწყვეტილებით ნ. მ-იანს დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება 175 ლარის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 27.11.06წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.03.08წ. განჩინებით ნ. მ-ნისა და გ. თ-იანის განცხადება დაკმაყოფილდა, შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.06წ. ¹3ბ/1739-06 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება სადავო მიშენების ლეგალიზების შესახებ საკითხზე, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სსკ-ის 2671 მუხლი ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტას. სსკ-ის 263-ე მუხლი და “სააღსრულებო წარმობათა შესახებ” კანონის 33-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის თხოვნით, გარკვეულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააღსრულებო მოქმედების შეჩერებას, რაც აღსრულების გადადების ნაირსახეობას წარმოადგენს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 18.03.09წ. განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლეგალიზაციას არ ექვემდებარება ის ობიექტები, რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა აღსრულების გადადების გონივრული საფუძველი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული “პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი” ითვალისწინებს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.05.04წ. გადაწყვეტილებით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგინდა, რომ აივნის მშენებლობისას დაცულია კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცის, მდგრადობის და საიმედობის მოთხოვნები, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე მესამე პირის – ლ. ვ-ვას მოსაზრება იმის შესახებ, რომ აივნის მიშენებით მას, როგორც თანამესაკუთრეს, ადგებოდა ზიანი, მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია “არქმშენინსპექციის” სარჩელის საფუძვლები, კერძოდ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა, აივნის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო უნებართვოდ, პროექტის დარღვევით აივნის მიშენება. სწორედ ასეთი ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებას ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი, რომელსაც უკუქცევითი, რეტროაქტიული ძალა აქვს, მისი მოქმედება, წესის 1-ლი მუხლის თანახმად, ვრცელდება 2007 წ. 1 იანვრამდე აშენებული ობიექტებისა ან მათი ნაწილების მიმართ, ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება მინაშენის დაკანონება, საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარება და მისი ექსპლუატაციაში მიღება. სასამართლო გადაწყვეტილება შეიცავს მისი გამოტანის დროს მოქმედი ნორმატიული ბაზის საფუძველზე დაფუძნებულ შეფასებებს, ნორმატიული სივრცის შეცვლის შედეგად მიშენების კანონიერად აღიარების შესაძლებლობა იძლეოდა აღსრულების შეჩერების საფუძველს. საქმის მასალებით, კერძოდ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 07.02.08წ. ¹12/5653-2 წერილით, დასტურდება, რომ ნ. მ-იანმა და გ. თ-იანმა განცხადებით მიმართეს ქ.თბილისის მერიას აივნის დაკანონების მოთხოვნით, განცხადება განსახილველად გადაეგზავნა მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს, ქ.თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 11.04.08წ. ¹ლეგ-630 ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ნ. მ-იანის განცხადება და სზაკ-ის მე-100 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულების საფუძველზე ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, ... რაიონში, ...ის ქ. კორპუსი ¹3, ბინა ¹34-ზე უნებართვოდ მიშენებული აივანი, განმცხადებელს განემარტა, რომ ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპტუატაციაში მიღებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა აღსრულების შეჩერების საფუძველი, მიშენების ლეგალიზების შესახებ განცხადება საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 24.11.07წ. ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აივნის მიშენების ლეგალიზებას, რაც ფაქტიურად უტოლდება შემდგომში “საარსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის აღსრულების შეწყვეტის საფუძველს, ვინაიდან სადავო მიშენების ლეგალიზებით კრედიტორმა – ადმინისტრაციულმა ორგანომ, ფაქტიურად უარი თქვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მისი სარჩელის აღსრულებაზე, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელის საფუძვლები. ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 11.04.08წ. ¹ლეგ-630 ბრძანება სადავოდ არ გამხდარა, აქტი ძალაშია, რის გამოც არარსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.08წ. განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.06წ. ¹3ბ/1739-06 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება ნ. მ-ისათვის მიშენებული აივნის დანგრევის, ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების ნაწილში. ამასთანავე უმართებულოა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. მ-იანს დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის 24.12.07წ. წერილით დასტურდება, რომ 11.11.06წ. გაცემული ¹3ბ/1739-06 სააღსრულებო ფურცელი ხსენებულ ნაწილში არ არის აღსრულებული, გადაწყვეტილების ამ ნაწილის აღსრულების შეჩერება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით არის დაუსაბუთებელი, რაც ქმნის კერძო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ვ-ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.06წ. ¹3ბ/1739-06 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, ნ. მ-იანისათვის ექსპერტიზის ხარჯების და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.08წ. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.