ბს-356-344(კს-10) 29 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. გ-ური
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 21 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ გ. გ-ურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 1 მარტს გია გიგაურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი და გ. გ-ური კონტრაქტით გათვალისიწნებული პირობების თანახმად, ჩაირიცხა სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის ¹2125 ბრძანებით, გ. გ-ური 2006 წლის 31 აგვისტოდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 22 974 ლარის, ზიანის სახით _ 2 998.3 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 22 974 ლარის 0,2 %-ის ოდენობის თანხის 2006 წლის 29 სექტემბრიდან ყოველდღიურად გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 17 328.96 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 17 328.96 ლარის 0.2%-ის ოდენობის თანხის, ყოველდღიურად 2006 წლის 29 სექტემბრიდან დაკისრებული თანხის გადახდამდე ანაზღაურება დაეკისრა; ზიანის სახით _ 2 998.3 ლარის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გია გიგაურმაც, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით გ. გ-ურის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ურს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2010 წლის 16 იანვარს მის მამას _ მ. გ-ურს ჩაბარდა, რაც გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში 2010 წლის 11 თებერვალს კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. გ-ურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი 2010 წლის 16 იანვარს მის მამას _ მ. გ-ურს ჩაბარდა, მაგრამ ვადის ათვლა 2010 წლის 1 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან, გ. გ-ური ოჯახთან ერთად საახალწლოდ სტუმრად დის ოჯახში იმყოფებოდა და გზაზე გართულებული მოძრაობის გამო თიანეთში ჩასვლა მხოლოდ 2010 წლის 1 თებერვალს მოახერხა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით გ. გ-ურის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. გ-ურის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. გ-ურს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი მის მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 5 იანვარს გაეგზავნა (I ტ, ს.ფ. 118) და 2010 წლის 16 იანვარს მის მამას _ მ. გ-ურს ჩაბარდა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ბარათით (II ტ, ს.ფ. 28). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 17 იანვარს დაიწყო, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ. გ-ურს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება 2010 წლის 30 იანვრის ჩათვლით ჰქონდა. ვინაიდან, აღნიშნული დღე წარმოადგენდა უქმე დღეს (შაბათს), მხარეს გასაჩივრების უფლება მომდევნო პირველი სამუშაო დღის 2010 წლის 1 თებერვლის 24 საათამდე ენიჭებოდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ურმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2010 წლის 11 თებერვალს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14 _ დღიანი ვადის დარღვევით ჩააბარა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის კონვერტი (II ტ, ს.ფ. 38).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა 2010 წლის 1 თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარება მან სწორედ 2010 წლის 1 თებერვალს მოახერხა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიქტებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უწყების ჩაბარება ადრესატთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისთვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის. ამდენად, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის 2010 წლის 16 იანვარს გ. გ-ურის მამის _ მ. გ-ურისათვის ჩაბარება კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 _ დღიანი ვადის ათვლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 2010 წლის 17 იანვრიდან უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.