Facebook Twitter

ბს-374-362(2კს-10) 9 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,...”

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახლციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდისა და ბორჯომის რეგიონალური სამმართველოების და სს ,,...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფილიალის მიმართ გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმების, შესრულებული სამუშაოს აღიარების, ბანკისათვის გარკვეული მოქმედებების აკრძალვის თაობაზე.

საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა შემოწმების აქტების ბათილად ცნობა, ვაქცინაციის შესრულებულად ჩათვლა და გაწეული მომსახურების მიღების დავალდებულება, აგრეთვე სს ,,...” ბანკის ბორჯომის ფილიალის მიერ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის საგარანტიო თანხის გადაცემის აკრძალვა.

აღნიშნულ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა მოპასუხეების _ შპს ,,...” და სს ,,...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მიმართ და მოითხოვა შპს ,,...” პირგასამტეხლოს გადახდა 150 ლარის ოდენობით, გადაცემული ვაქცინების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 25 510.10 ლარის ოდენობით, სს ,,...” ბანკის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის დავალდებულება შეესრულებინა საბანკო გარანტიებით აღებული ვალდებულებები.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,...” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 25 510,10 ლარისა და პირგასამტეხლოს - 12680 ლარის, სულ - 38190,1 ლარის ანაზღაურება; სს ,,...” ბანკის ბორჯომის ფილიალს დაევალა საგარანტიო თანხის -129365,45 ლარის დაბრუნება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,...” და სს ,,...” ბანკმა.

აპელანტი – შპს ,,...” სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...” მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

მეორე აპელანტი - სს ,,...” ბანკი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს ,,...” დირექტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე; მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი რამდენი მხარეც იყო საქმეში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით სს ,,...” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო.

2010 წლის 10 მარტს შპს ,,...” განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული ხარვეზი.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...” დირექტორმა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” დირექტორის მ. ნ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...” დირექტორის შუამდგომლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის უტყუარ მტკიცებულებებს, რაც შეიძლება საფუძვლად დასდებოდა მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და სააპელაციო საჩივრის ასლების წარმოსადგენად მიეცა 10 დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

2010 წლის 10 მარტს შპს ,,...” განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის გადავადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ არ იქნა შევსებული ხარვეზი და მან კვლავ მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმავე საფუძველზე - გადახდისუუნარობაზე მითითებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაუვადოს მხარეს სასამართლო ხარჯების გადახდა, მაგრამ მითითებული ნორმით დადგენილი შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს, თუ მხარის გადახდისუუნარობა დადასტურებული იქნება მის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით.

საქმეში არსებულ მასალებაზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა შპს ,,...” სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების პროცესუალური წინაპირობები, ვინაიდან მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების თაობაზე არ იყო საკმარისად მოტივირებული, ხოლო წარმოდგენილი მასალები არ ქმნიდა გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მასალებს იმის თაობაზე, რომ შპს ,,...” ქონებას ადევს ყადაღა, არ იძლევა იმ გარემოების მტკიცებულების საკმარის საფუძველს, რომ საწარმო წარმოადგენს გადახდისუუნაროს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც შპს ,,...” უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ 2010 წლის 5 მარტის 24 საათამდე გამოესწორებინა ხარვეზი, ხოლო ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, აძლევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს შპს ,,...” კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პრველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.