Facebook Twitter

ბს-376-373(კს-11) 27 აპრილი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «....»-ის თავმჯდომარე ჯ. მ-ა;

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინება;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 17 აგვისტოს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის- «.....» თავმჯდომარემ მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2010 წლის 31 მაისის ¹1 ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა.

Bბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენელმა ჯ. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი. მასვე განემარტა, რომ ხარვეზით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის უნდა წარმოედინა სათანადო დოკუმენტი, რომლითაც ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს მინიჭებული ექნებოდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი სრულად არ იქნა შევსებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის –.... სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.2, 60.2, 61. 63-ე მუხლებსა და ასევე ამავე კოდექსის 368-ე, 374.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარდა 2011 წლის 13 იანვარს. მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2011 წლის 18 იანვარი. 2011 წლის 18 იანვარს ჯ. მ-ას მიერ არ იქნა წარდგენილი ისეთი მინდობილობა, რომელიც ამ უკანასკნელს მიანიჭებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი არ იქნა შევსებული ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «....» თავმჯდომარემ ჯ. მ-ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება.

Kკერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, რომლითაც მოსარჩელეს ავალდებულებდა სასამართლოში ამხანაგობის თავმჯდომარის სპეციალური უფლებამოსილებებით აღჭურვის დამადასტურებელი დოკუმენტის სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად წარდგენას, ამხანაგობის წევრებმა იურიდიული განათლების არქონისა და ენობრივი ბარიერის გამო, რამდენადაც ხარვეზის თანახმად, საქმე ეხებოდა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, კრების ჩაუტარებლად შეადგინეს მინდობილობა, რომელშიც უკვე კონკრეტულადაა დაფიქსირებული, რომ ამხანაგობის უკლებლივ ყველა წევრი თავმჯდომარეს ჯ. მ-ას ანიჭებდნენ უფლებამოსილებას მიეღო მონაწილეობა, როგორც ამხანაგობის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვაში. Aამხანაგობის წევრებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებაში ეხმარებოდა ქართული ენის მცოდნე პირი, რომელსაც იურიდიული გამოცდილება და განათლება არ ჰქონდა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» საქართველოს კანონსა და ამხანაგობის წესდებაზე, რომლის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში ამხანაგობის სახელით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მოეთხოვა ამხანაგობის თავმჯდომარე ჯ. მ-ის მისი სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა სსსკ-ის 98-ე მუხლით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში აზრი ეკარგება კანონში და წესდებაში არსებულ მითითებას, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში ამხანაგობის სახელით, თუკი ყოველ საქმესთან დაკავშირებით სავალდებულო იქნებოდა ამხანაგობის მიერ თავმჯდომარეზე ახალი მინდობილობების გაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «....» თავმჯდომარის ჯ. მ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებში დაცული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «....» წევრებმა კენჭისყრის შედეგად ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს ჯ. მ-ა (ტ1, სფ 68-72; 75-83. ტ.2, სფ. 16-24).

ამდენად, უდავოა, რომ აპელანტის-ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეა ჯ. მ-ა, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულია «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» კანონისა და წესდების შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ, შესაბამისად მითითებული კანონის საფუძველზე იგი უძღვება ამხანაგობის საქმიანობას და სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგენს ამხანაგობას.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ განმარტებას.

«ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მართალია არ არის იურიდიული პირი, მაგრამ იგი წარმოადგენს მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანებას, რომლის ამოცანებია საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა, ექსპლუატაცია და განვითარება. ამ მიზნით ამხანაგობას შეიძლება ჰქონდეს წესდება, რომელიც განსაზღვრავს ამხანაგობის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს და მათ შორის თავმჯდომარის არჩევის წესსა და უფლებამოსილებებს, საქმეში წარმოდგენილი წესდებით ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში ან სხვა ორგანოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით.

აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს –იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საქმეს აწარმოებს იმ პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ენიჭება ამხანაგობის სახელით მოქმედების უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ჯ. მ-ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით დადგენილი სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის თაობაზე, ემყარება საპროცესო და მატერიალური ნორმების («ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» კანონის) არასწორ განმარტებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წინაპირობების არსებობაზე და მხოლოდ მათი შეფასების შემდეგ გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» თავმჯდომარის ჯ. მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.