¹ბს-423-420(კს-11) 14 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. თ-ე; მ. დ-ე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ მ. ჩ-ი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 15 ივნისს ს/გ «თ-ის” შრომითი კოლექტივის წევრმა ე. თ-ემ და ს/გ «თ-ის” შრომითი კოლექტივის წარმომადგენელმა მ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 აპრილის ¹........ და 2009 წლის 5 მარტის ¹....... გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 7 ივნისის ¹........ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ........ ქ. ¹27-ში მდებარე ს/გ «თ-ის” შრომითი კოლექტივის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გაცემულ საჯარო რეესტრის ამონეწერში დაშვებული ხარვეზის გასწორების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის იპოთეკის გრაფიდან თბილისის რეგიონული ცენტრის 2009 წლის 23 თებერვლის ¹002-249 შეტყობინებით უფლებათა რეესტრში სს «მ-ის” სახელზე დარეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების ამოშლის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ....... ქ. ¹27-ში მდებარე ს/გ «თ-ის” შრომითი კოლექტივის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამო გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნული შეზღუდვების შეტანის აკრძალვა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჩ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. თ-ის და მ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 5 მარტის ¹........ გადაწყვეტილება და თბილისის სარეგიტრაციო სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩელეებს _ ე. თ-ეს და მ. დ-ეს უარი ეთქვათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 აპრილის ¹......... გადაწყვეტილების, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2010 წლის 7 ივნისის ¹........ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე; მოსარჩელეებს _ ე. თ-ეს და მ. დ-ეს უარი ეთქვათ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებაზე, ამოეშალა ს/გ «თ-ის” შრომითი კოლექტივის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების (მდებარე _ ქ. თბილისი, ......... ქ. ¹27-ში) გამო გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერიდან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება; მოსარჩელეებს _ ე. თ-ეს და მ. დ-ეს უარი ეთქვათ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებაზე, მომავალში აღარ მიეთითებინა ს/გ «თ-ის” შრომითი კოლექტივის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე _ ქ. თბილისი, ........ ქ. ¹27-ში) გამო გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება ე. თ-ისა და მ. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება ე. თ-ისა და მ. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ასევე ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი 2011 წლის 10 იანვარს ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა 2011 წლის 24 იანვარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარი შეეძლო 2011 წლის 24 იანვრის ოცდაოთხ საათამდე წარედგინა, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა სააპელაციო საჩივარი 2011 წლის 1 თებერვალს ე.ი. გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14 დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი 2011 წლის 1 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით წარადგინა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლსა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული მასალით, კერძოდ შპს „სკს“-ს გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (რომელიც თან ერთვის კერძო საჩივარს) დგინდება, რომ გზავნილის გამგზავნის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2011 წლის 21 იანვარს – გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-11 დღეს ჩაბარდა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე _ 78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი სსიპ შემოსავლების სამსახურს 2011 წლის 10 იანვარს ჩაბარდა (ტ. I; ს.ფ. 342), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურს სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის უფლება 2011 წლის 24 იანვრის ჩათვლით ენიჭებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „სკს“-ს გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის გზავნილი ფოსტას 2011 წლის 21 იანვარს ჩაბარდა (ტ. II; ს.ფ. 86).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ხელახლა უნდა შეამოწმოს, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.