ბს-429-412(კს-10) 21 აპრილი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ სარჩელის გამოხმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 6 მარტს სპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების – ოქმი ¹69 იმ ნაწილში ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვა სპს “...” განცხადების დაკმაყოფილებაზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სპს “...” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს “...”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე სპს “...” წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და მისი განუხილველად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით სპს “...” შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება და სპს “...” სარჩელი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. საქმის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სპს ,,...” გამოიხმო რა სარჩელი და შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაეთანხმნენ მოპასუხეებიც, სასამართლო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს სპს ,,...” სასარჩელო განცხადება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქმეში ჩაბმული იყო სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ,,ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა.”
აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო მითითებულ საქმეში წარმოადგენდა რა სასკ-ის 16.2 მუხლით ჩაბმულ მესამე პირს, მას ეკისრებოდა მოპასუხის მოვალეობა ისევე, როგორც დანარჩენ მოპასუხეებს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თავდაცვის სამინიტრო არ დაეთანხმა შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო უგულებელყო თავდაცვის სამინისტროს, როგორც პროცესუალური მხარის უფლება და კანონით გათვალისწინებული ინტერესი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გაიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტი საპროცესო კანონმდებლობაში განსხვავდება სარჩელზე უარის თქმის ინსტიტუტისაგან, რამდენადაც სარჩელზე უარის თქმას უკავშირდება საქმის წარმოების შეწყვეტა, რა დროსაც მოსარჩელე კარგავს უფლებას, აღძრას სარჩელი იმავე მოთხოვნით, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეების მიმართ. აღნიშნულისაგან განსხვავებით სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, მოსარჩელე ინარჩუნებს უფლებას, აღძრას იმავე სახის სარჩელი. თუმცა, საგულისხმოა, რომ ორივე ზემოაღნიშნული საპროცესო მოქმედება წარმოადგენს მხარეთა დისპოზიციურობის კონკრეტულ გამოვლინებას და დამოკიდებულია მთლიანად პროცესის მონაწილე მხარეთა ნების თავისუფლებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას და საჭიროდ მიიჩნევს ადმინისტრაციულ პროცესში მე-3 პირის ინსტიტუტის სამართლებრივ მიმოხილვას, რომლის შემოღებაც უკავშირდება ამ კატეგორიის პირთა ინტერესების დაცვას, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას და სამართლებრივ უზრუნველყოფას.
როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს ორი კატეგორის მე-3 პირებს. მე-3 პირები, რომელთა საქმეში ჩაბმა წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და მე-3 პირები, რომლებიც სავალდებულო წესით უნდა იქნენ საქმეში ჩაბმულნი.
ადმინისტრაციულ პროცესში მე-3 პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება მე-3 პირთა საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მე-3 პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მე-3 პირები. კანონმდებელი, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი, ამ უკანასკნელის საპროცესო უფლებებს მხარეთა ზოგად უფლებებს უთანაბრებს. კერძოდ, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მე-3 პირი სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მე-3 პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
სარჩელის გამოხმობის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის ანალიზი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში სახეზეა 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმული მე-3 პირების ინტერესთა თანხვედრა დავის საგანთან, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით მოწვეული მე-3 პირები პროცესუალურად არ არიან ვალდებულნი აღძრან სარჩელი. აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელების გარეშეც ისინი შეუზღუდავად სარგებლობენ მხარის უფლება-მოვალეობებით.
როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოპასუხის თანხმობა. წინამდებარე დავაში კერძო საჩივრის ავტორი აღჭურვილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმული მე-3 პირის სტატუსით, რაც მას, აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მხარისათვის მინიჭებული ყველა უფლებით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ მოპასუხის თანხმობასთან ერთად, სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, სავალდებულოა 16.2 მუხლით ჩაბმული მე-3 პირის თანხმობაც.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმული მე-3 პირია და საქმეში არ არის დაფიქსირებული მისი თანხმობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ მოახდინოს სარჩელის გამოხმობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.