ბს-43-42 (კს-10) 10 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე _ გ. მ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება 14160,96 ლარის ოდენობით და 14160,96 ლარის 0,2%-ის ოდენობის პირგასამტეხლო ყოველდღიურად 2005 წლის 8 ნოემბრიდან ზემოთმითითებული თანხის გადახდამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე _ გ. მ-ძეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 16700 ლარისა და 58 თეთრის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 14169,96 ლარის 0,2%-ის დაკისრებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ. მ-ძის მიმართ 14160,96 ლარის 0,2%-ის ოდენობით თანხის ყოველდღიურად 2005 წლის 8 ნოემბრიდან საჯარიმო თანხის გადახდამდე დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში არასწორად იქნა მითითებული მოპასუხის მისამართი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივარით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი საქმეში არსებული დოკუმენტაცია. განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასამართლოს არ ავალდებულებს სარჩელის უპირობოდ განუხილველად დატოვებას, არამედ სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სრულყოფილად დადგენილ გარემოებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულებით დასტურდება, რომ გ. მ-ძის მისამართი არის ქ. რუსთავი, ... ¹4/18. ასევე სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობიდან ირკვევა, რომ სამხედრო მოსამსახურე გ. მ-ძე ბრიგადის G-1-ში არსებული პირადი შემადგენლობის სააღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, ირიცხება მისამართზე ქ. რუსთავი, ... ¹4/18.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სასამართლოში წარდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 13 მარტის წერილით დგინდება, რომ 12.01.1978 წელს დაბადებული გ. მ-ძე რეგისტრირებულია ქ.რუსთავში, ... კორპუსი 4, ბინა 18-ში (ს.ფ. 64).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.4-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275.2-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იყო სარჩელში მითითებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275.2-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის განუხილველად დატოვება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეგნებულად მიუთითებს სარჩელში მოპასუხის არასწორ მისამართს ან თუ მოსარჩელე არ შეეცდება მოიძიოს ცნობები მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ და არ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას მოპასუხის საცხორებელი ადგილის შესახებ ცნობების დადგენისათვის.
საქმეში დაცული მასალებით ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო საშუალებით შეეცადა მოეძიებინა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია, ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში, ადგილი არა აქვს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მოპასუხის მისამართის არასწორად მითითების ფაქტს, რის გამოც საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.