¹ბს-464-461(კს-11) 16 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, პ. სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ დ. ი.-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო
საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.10წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ი.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ი.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ი.-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე.
დ. ი.-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელანტ დ. ი.-ს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის განჩინებით დ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების ასლი აპელანტს 2011 წლის 17 იანვარს ჩაბარდა, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 2011 წლის 24 იანვარს ამოიწურა, თუმცა სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ი.-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მდგომარეობა, რომ იგი წარმოადგენს პატიმარს, ავადმყოფს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სახის ანაზღაურება ან შემოსავალი და არ გაათავისუფლა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს, რომლის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს პატიმრები სათანადო და ჯეროვანი სამედიცინო მომსახურებითა და მკურნალობით, რაც ირღვევა მის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ი.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2007 წლის 24 აგვისტოს დასკვნით დავით, ასევე 2008 წლის 31 ივლისისა და 2009 წლის 22 სექტემბრის დაკსვნებით, მსჯავრდებულ დ. ი.-ს ჩაუტარდა გამოკვლევა და დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, დაკომპენსირებული კეტონურია, მარტივი დიაბეტური რეტინოპათია, დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტური რეტინოპათია, სომატოფორმული ვეგეტატური დისფუნქცია, ინსომნია. მას რამდენჯერმა ჩაუტარდა გამოკვლევა შესაბამისი მკურნალობის კურსით რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დ. ი.-ის ინტერესების დამცველმა მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების დავალება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის საგანს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მოთხოვნა, შესაბამისად აღნიშნული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ საკითხთა რიგს განეკუთვნება და შესაბამისად, მითითებული ნორმის საფუძველზე ექვემდებარება სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას.
დავის საგნის, კერძო საჩივრის ავტორის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, შესაბამისად, დ. ი.-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
კერძო საჩივრის ავტორს დ. ი.-ს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის საფუძველზე დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ი.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დ. ი.-ს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.