ბს-481-478 (კს-11) 1 ივნისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. გ-ოვი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინება;
დავის საგანი –საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 18 ივნისს მოსარჩელე ჯ. გ-ოვმა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მესამე პირების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს, ფიზიკური პირის ს. ი-ოვის მიმართ და მოითხოვა: ბათილად ყოფილიყო ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნოემბრის ¹27/9 დადგენილება ს. ი-ოვისათვის მიწის იჯარით გადაცემის შესახებ მისგან გამომდინარე შედეგებით; ბათილად ყოფილიყო ცნობილი მარნეულის გამგეობასა და ს. ი-ოვს შორის 2006 წლის 28 თებერვლს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება მისგან გამომდინარე შედეგებით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. გ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 09 ნოემბრის £27/8 დადგენილება და ამ დადგენილების საფუძველზე მარნეულის რაიონის გამგეობასა და ს. ი-ოვს შორის 2006 წლის 07 მარტს დადებული იჯარის ხელშეკრულება.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ს. ი-ოვმა, რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე ჯ. გ-ოვის სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხეების მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მესამე პირების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს, ფიზიკურ პირ ს. ი-ოვის მიმართ, მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნომებრის ¹27/8 დადგენილების თავისგან გამომდინარე შედეგით _ ამ დადგენილების საფუძველზე მარნეულის რაიონის გამგეობასა და ს. ი-ოვს შორის 2006 წლის 07 მარტის იჯარის ხელშკრულების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1-ე, 26.2-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნოემბრის ¹27/8 დადგენილებით _ კაპანაჩხის საკრებულოს სოფ. ... მცხოვრებ ს. ი-ოვის განცხადების გახილვის შესახებ _ დამტკიცდა მარნეულის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2005 წლის 24 მაისის სხდომის ოქმი ¹11/31 და მიეცა იჯარით 10 წლის ვადით 2,7 ჰა თუთის ბაღი კაპანახჩის საკრებულოს სოფ. ... მცხოვრებ ს. ი-ოვს ... მევენახეობის ტერიტორიიდან 2006 წლის 01 იანვრიდან. მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნოემბრის ¹27/8 დადგენილების საფუძველზე 2006 წლის 28 თებერვალს მარნეულის რაიონის გამგეობასა და ს. ი-ოვს შორის დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, რაც რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ს. ი-ოვი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საამისოდ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადაოდ არ გაუხდია მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნოემბრის ¹27/8 დადგენილება და მისი შედეგი _ ამ დადგენილების საფუძველზე 2006 წლის 28 თებერვალს მარნეულის რაიონის გამგეობასა და ს. ი-ოვს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება, უფრო მეტიც, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიიჩნია კანონშესაბამისად, რაც დასტურდება ამ ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹1192 და ¹1193 ოქმებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე – ჯ. გ-ოვის სასარჩელო მოთხოვნის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე). კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 სექტემბრის 27/8 დადგენილება თანამდევი შედეგით _ 2006 წლის 28 თებერვალს ს. ი-ოვსა და მარნეულის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და სააპელაციო ინსტანციაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ინდივიდუალური აქტით (მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნოემბრის ¹27/8 დადგენილება) პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მოსარჩელის რომელიმე კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ შეიზღუდა მისი რომელიმე უფლება. Pპალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელის განმარტებით იგი წლების განმავლობაში ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საუძვლის (არ ჰქონდა იჯარა, არ იხდიდა გადასახადებს და ა.შ.) გარეშე ფლობდა და სარგებლობდა მარნეულის რაიონის ... მევენახეობის ტერიტორიაზე მდებარე ს. ი-ოვის საკუთრებაში არსებული 2,7 ჰა თუთის ბაღით, არ ადასტურებს, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითა და მისგან გამომდინარე შედეგებით (იჯარის ხელშეკრულება) პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მოსარჩელის რომელიმე კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ შეიზღუდა მისი კანონით დაცული რომელიმე უფლება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. გ-ოვმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ. გ-ოვის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორი გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე დაადგინა არასწორი განჩინება, სახეზეა საჩივარში მითითებული საპროცესო დარღვევები, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, იძლევა მისი გაუქმების საფუძველს.
M მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნოემბრის ¹27/9 დადგენილება, ს. ი-ოვისათვის მიწის იჯარით გადაცემის შესახებ მისგან გამომდინარე შედეგებით და მარნეულის გამგეობასა და ს. ი-ოვს შორის 2006 წლის 28 თებერვლს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება, მისგან გამომდინარე შედეგებით.
მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნოემბრის ¹27/8 დადგენილებით _ კაპანაჩხის საკრებულოს სოფ. ... მცხოვრებ ს. ი-ოვის განცხადების გახილვის შესახებ _ დამტკიცდა მარნეულის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2005 წლის 24 მაისის სხდომის ოქმი ¹11/31 და მიეცა იჯარით 10 წლის ვადით 2,7 ჰა თუთის ბაღი კაპანახჩის საკრებულოს სოფ. ... მცხოვრებ ს. ი-ოვს ... ... ტერიტორიიდან 2006 წლის 01 იანვრიდან. მარნეულის რაიონის გამგეობის 2005 წლის 09 ნოემბრის ¹27/8 დადგენილების საფუძველზე 2006 წლის 28 თებერვალს მარნეულის რაიონის გამგეობასა და ს. ი-ოვს შორის დადებული იქნა იჯარის ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სადავო აქტით მოწესრიგებული საკითხი (ფაქტობრივი შემადგენლობა) აყენებს თუ არა პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელეს, რა დროსაც უნდა შემოწმდეს, აქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების გავლენის ხარისხი მოსარჩელის სუბიექტური უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში იჯარის ობიექტს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, -2,7 ჰა თუთის ბაღი; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესს არეგულირებს “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია: აუქციონი, პირდაპირი მიყიდვა, პირდაპირი მიყიდვა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კონკრეტული შერჩევის საფუძველზე და იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების აუქციონის ფორმით ინიცირების უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, სამინისტროს და მესამე პირს, რომლებიც უფლებამოსილ ორგანოს განცხადებით მიმართავენ მიწის ნაკვეთის პრივატიზების ინტერესის გამოხატვის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებობს სოფ. ... ... მეურნეობის მცხოვრებთა მიერ შედგენილი აქტი, რომ 2.7 ჰა თუთის ბაღს წლების განმავლობაში უვლიდა ჯ. გ-ოვი, რომელიც სთხოვდა აღნიშნული ბაღის პრივატიზებას რაიონის ხელმძღვანელობას, რაზეც ჯ. გ-ოვმა მიიღო ზეპირი უარი, რომ აღნიშნულ ბაღზე პრივატიზაცია არ ხორციელდებოდა. ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მარნეულის რაიონის გამგეობამ ჯ. გ-ოვს, ისევე როგორც სოფელში მცხოვრებ სხვა პირებს შესთავაზა მითითებული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა. საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.08.1998 წლის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-8 თავის მე-2 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდა გაიცეს კონკურსის წესით. თუ მიწის იჯარას ითხოვს ერთი პირი, მასზე მიწა იჯარით გაიცემა უკონკურსოდ, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია იჯარით გასაცემი მიწის თაობაზე არის დახურული და ხელმიუწვდომელი მე-3 პირებისათვის, ამ ნორმიდან გამომდინარე, კონკურსი უნდა გამოცხადდეს საჯაროდ, პრესის მეშვეობით. საკონკურსო კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნეს განცხადებები და უკეთესი პირობების მქონე გამოცხადდება გამარჯვებულად. კონკურსის გამოცხადების შემდეგ, თუ მხოლოდ ერთი განცხადება შევა საკონკურსო კომისიაში, ის მიიღებს მიწას იჯარით, ვინაიდან არ ჰყავს კონკურენტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ს. ი-ოვისათვის იჯარით გადაცემის დროს მოსარჩელეს არ მიადგა პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი. მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის საჯარო ხასიათიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ მე-3 პირს, რომელიც გამოთქვამს ამის სურვილს. ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და მის საფუძველზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოეშვება “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონით დაცული ინტერესის რეალიზაციის შესაძლებლობა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ცხადია, რომ სადავო აქტით დაფიქსირებული მონაცემები უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს მოსარჩელის უფლება-მოვალეობებზე, შესაბამისად, მას უნდა მიეცეს უფლების დაცვის ადეკვატური პროცესუალური საშუალების _ სარჩელის მეშვეობით მისი კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის რეალიზაციის შესაძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. გ-ოვის მიერ კანონიერი ინტერესის არსებობა დასაბუთებულია, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.5 მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში არასწორად იმსჯელა სარჩელის დასაშვებობაზე, უსაფუძვლოდ შეწყვიტა მასზე საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დასაშვებობის წინაპირობის არარსებობის გამო, რის გამოც სახეზეა მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 262-ე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-2, 285-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. გ-ოვის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.