Facebook Twitter

ბს-491-471(კს-10) 30 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ შპს ,,...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.10წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 03.08.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას მოპასუხე შპს ,,...” მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.11.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ,,...” ს.ს.ი.პ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 24 787,20 ლარის ანაზღაურება, შპს ,,...” დაეკისრა აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 744 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 01.02.2010წ. განჩინებით მიიჩნია, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად 8 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

შპს ,,...” 10.02.2010წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და ითხოვა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 20 დღით ან იმ ვადით, რომელსაც სასამართლო ჩათვლიდა მიზანშეწონილად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2010წ. განჩინებით შპს ,,...” გაუგრძელდა 01.02.2010წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა ათი დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

სასამართლოს მიერ დამატებით დანიშნულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო. მას ამ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2010წ. განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2010წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...”.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2010წ. განჩინება დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შპს ,,....” მძიმე მატერიალური მდგომარეობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად თავისი ინიციატივით კიდევ ერთხელ უნდა მიეცა აპელანტისათვის დამატებითი ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან გადასახდელი თანხა ძალიან დიდი იყო.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2010წ. განჩინების გაუქმებას, რათა მიეცეს საშუალება დამატებით ვადაში შეავსოს ხარვეზი და საბოლოოდ მოხდეს მათი სააპელაციო საჩივრის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 01.02.2010წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ შპს ,,....” სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს. განჩინებაში აღინიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 24 787,20 ლარს, რომლის ოთხმა პროცენტმა 991,49 ლარი შეადგინა. აპელანტის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების ქვითრით დასტურდება, რომ მას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს მხოლოდ 150 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს დაევალა წარედგინა დამატებით სახელმწიფო ბაჟის სახით 841 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მხარეს ხარვეზის გამოსასწორებლად 8 დღის ვადა განესაზღვრა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. შპს ,,..” 10.02.2010წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელება 20 დღით ან იმ ვადით რომელსაც სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლიდა.

სააპელაციო სასამართლომ 12.02.2010წ. ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით შპს ,,...” ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა და მიუთითა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტი არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 12.02.2010წ. განჩინების ასლი შპს ,,...” დირექტორს 16.02.2010წ. ჩაჰბარდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კიდევ ერთხელ უნდა მომხდარიყო ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელება, რადგან სასამართლოს მიერ დამატებით დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო და მას არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გაგრძელებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კერძო საჩივრის ავტორმა კი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სრულად. მან არც სასამართლოს მიერ დამატებით დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი და არც რაიმე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. კერძო საჩივარში აღნიშნული გარემოება, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შპს ,,...” მძიმე მატერიალური მდგომარეობა და თავისი ინიციატივით კიდევ ერთხელ უნდა მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, არ ადასტურებს ხარვეზის ვადის საპატიოდ გაშვებას. ამასთანავე აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორს რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იქნა დატოვებული განუხილველად, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2010წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2010წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.