ბს-494-474(კს-10) 13 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; 2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო; 3) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-4 განყოფილება
მესამე პირი _ ვ. მ-შვილი (შ. მ-შვილი)
დავის საგანი _ გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 2 მარტს გ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ქ. თბილისის ძველი თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილების მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 30 აპრილს მან განმეორებით იძულებით აუქციონზე 35 000 ლარად შეიძინა შ. მ-შვილის სახელზე რეგისტრირებული _ დაბა წყნეთში, ... ქ. ¹41ა-ში მდებარე უძრავი ქონება _ 647 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით. აღნიშნული ქონება 2008 წლის 1 ივლისს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ძველმა მესაკუთრემ _ შ. მ-შვილმა არ გაანთავისუფლა უძრავი ქონება, რის გამოც გ. ბ-ძე იძულებული გახდა 2008 წლის ოქტომბერში წყნეთის პოლიციისათვის მიემართა. თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან, შ. მ-შვილისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება არ მომხდარა. წყნეთის პოლიციაში გ. ბ-ძეს განემარტა, რომ აღნიშნულ საკითხს წყვეტდა ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო. მოსარჩელემ მიმართა როგორც ქ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მის განცხადებას შედეგი არ მოჰყოლია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ქ. თბილისის ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-4 განყოფილების მიერ შ. მ-შვილისა და მისი ოჯახის წევრების ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, ... ქ. ¹41ა-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოსახლება და მოპასუხეებისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის სოლიდარულად 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შ. მ-შვილი.
ამავე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხის მიერ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საკუთრებაში არსებული უძრავის ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების გამოცემა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2009 წლის 7 აპრილს გ. ბ-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხედ დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითა. მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 27 მარტის ¹413 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხეთათვის დაბა წყნეთში, ... ქ. ¹41ა-ში მდებარე, 647 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის განთავისუფლების დავალდებულება და სოლიდარულად მის სასარგებლოდ 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 27 მარტის ¹413 ბრძანება _ გ. ბ-ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-4 განყოფილებას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-შვილმაც, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვაკის სამსახურის 2009 წლის 3 დეკემბრის დასკვნის თანახმად, შესწორდა ვ. მ-შვილის სახელსა და დაბადების თარიღში არსებული უზუსტობა და სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაიცა პირადობის მოწმობა, რომელშიც შ. მ-შვილის ნაცვლად მიეთითა ვ. მ-შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინებით ვ. მ-შვილის (შ. მ-შვილის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით აღმასრულებელი გ. ქ-იანი შ. მ-შვილის (ამჟამად ვ. მ-შვილის) საცხოვრებელი სახლის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელი იყო სარჩელის საგანთან დაკავშირებული, ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე და მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2008 წლის 30 აპრილს მან განმეორებით იძულებით აუქციონზე 35 000 ლარად შეიძინა შ. მ-შვილის (ამჟამად ვ. მ-შვილის) სახელზე რეგისტრირებული _ დაბა წყნეთში, ... ქ. ¹41ა-ში მდებარე უძრავი ქონება _ 647 კვ.მ მიწა, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით. აღნიშნული ქონება 2008 წლის 1 ივლისს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღმასრულებლის მიერ აუქციონზე გაყიდული თანხიდან დაიფარა კრედიტორის თანხა, სააღსრულებო ხარჯი და მოსაკრებელი. აღნიშნული თანხა გადაეცა უძრავი ქონების მესაკუთრეს შ. მ-შვილსაც (ამჟამად ვ. მ-შვილს), რომელიც თავად ესწრებოდა აუქციონს.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ზე მუხლზე და აღნიშნა, რომ მისთვის როგორც კეთილსინდისიერი მყიდველისათვის, წინასწარი გამოძიების დაწყება ამ აუქციონზე შეძენილი უძრავი ნივთი ჩამორთმევის საფუძველს არ წარმოადგენდა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება დაწყებული იყო შ. მ-შვილის (ამჟამად ვ. მ-შვილის) კუთვნილი შუშაბანდის გასხვისებაზე, რაც საქმის განხილვის შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენდა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, იგი მთლიანი ქონების მესაკუთრე იყო, აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება კი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით გ. ბ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ბ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან და შესაძლებელია თუ არა მათ ერთმანეთის მიმართ მიეცეთ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის პროკურატურაში ¹... სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით აღმასრულებელი გ. ქ-იანი ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობისათვის (ტ. III, ს.ფ. 63-64). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი (ტ. III, ს.ფ. 92-95).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი შეიცავს კონკრეტული ხასიათის მავალდებულებელ ნორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმის რეალიზებისათვის საჭიროა იმ კონკრეტული საქმის არსებობა, რომლის გადაწყვეტასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმის განხილვისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არაუგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი გ. ქ-იანის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის 2010 წლის 22 თებერვლის დადგენილება (ტ. III, ს.ფ. 63-64) მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან, საქმის მასალებით დაუდგენელია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად, ეჭვმიტანილად ცნობილ გ. ქ-იანს კანონით განსაზღვრულ 30 დღიან ვადაში წაეყენა ბრალდება თუ ამავე მუხლით განსაზღვრულ 30 დღიან ვადაში ბრალდების წაუყენებლობის გამო გაუქმდა მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოება ჩერდება გარკვეული ვადით, ეს ვადა კი დამოკიდებულია საქმის წარმოების შეჩერების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქმის წარმოება შეჩერდა, იმის გამო, რომ შეუძლებელია მისი განხილვა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, შეჩერების ვადა დამთავრდება ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების თუ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმის გასარკვევად რეალურად არსებობს თუ არა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს მიმდინარეობს თუ არა სისხლის სამართლის საქმის წარმოება აღმასრულებლის გ. ქ-იანის მიმართ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ შეთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ ეჭვმიტანილად ცნობილი პირის გ. ქ-იანის მიმართ კვლავ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან, აღნიშნული დანაშაული ეხება შ. მ-შვილის (ამჟამად ვ. მ-შვილის) საცხოვრებელი სახლის მოტყუებით დაუფლების ფაქტს (ტ. III, ს.ფ. 63-64), ხოლო მოცემული ადმინისტრაციული საქმის დავის საგანს კი მოპასუხეთათვის შ. მ-შვილის (ამჟამად ვ. მ-შვილის) აღნიშნული უძრავი ქონებიდან გამოსახლების დავალდებულება და ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს (ტ. I, ს.ფ. 120-121). ამდენად, მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელი იქნება სარჩელის საგანთან დაკავშირებული, ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული საოქმო განჩინება და მოცემული საქმე საქმის წარმოების შეჩერების საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინება და მოცემული საქმე საქმის წარმოების შეჩერების საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.