Facebook Twitter

ბს-502-482(კს-10) 2 ივნისი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ი-ძის წარმომადგენელი ლ. მ-ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 19 ოქტომბერს ზ. ი-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ, მესამე პირის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე, ზ. ი-ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 6 აგვისტოს ¹5773 ბრძანების, ამ ბრძანების საფუძველზე 2009 წლის 7 აგვისტოს გამოცემული მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ აქტისა და ზ. ი-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 ოქტომბრის ¹3382 ბრძანების, როგორც უკანონო სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ი-ძის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აპელანტმა - ზ. ი-ძემ 2010 წლის 15 მარტს სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ზ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ზ. ი-ძეს შპს “...” (ფოსტა) მეშვეობით გაეგზავნა 2010 წლის 26 იანვარს და ჩაბარდა მის ძმას ს. ი-ძეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... 2010 წლის 29 იანვარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ზ. ი-ძის წარმომადგენლზე ლ. მ-ძეზე გადასაცემად ჩაბარდა მის მეუღლეს ზ. გ-ძეს 2010 წლის 1 მარტს. სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 15 მარტს შეტანილია ლ. მ-ძესა და ზ. ი-ძის ხელმოწერით.

დადგენილია, რომ მხარეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე განემარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 74-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი 2010 წლის 29 იანვარს ჩაბარდა ზ. ი-ძის ძმას ს. ი-ძეს. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწურებოდა 2010 წლის 12 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, რაც იქცა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ზ. ი-ძემ 2010 წლის 12 აპრილს კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ შესაძლებელია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მართლაც ჩაბარდა ზ. ი-ძის ძმას - ს. ი-ძეს, მაგრამ იგი ზ. ი-ძის ოჯახის წევრი არ არის და არც მასთან ერთად ცხოვრობს. ს. ი-ძე ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... თავის ოჯახთან ერთად, ხოლო ზ. ი-ძე ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹50-ში. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარა და ცხადია, რომ ზ. ი-ძეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და შესაბამისად, მის მიერ არ არის დარღვეული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ი-ძის წარმომადგენლის – ლ. მ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) არის ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ... (იხ. სასარჩელო განცხადება). შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მხარისათვის გადაეცა მის მიერ მითითებულ მისამართზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 74-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება ზ. ი-ძის ძმისთვის _ ს. ი-ძისათვის უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ამ დროიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მიცემა უშუალოდ მხარისათვის ან ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის, რომელიც ცხოვრობს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და რომელიც ხელმოწერით ადასტურებს სასამართლო უწყების ჩაბარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლბა გაქარწყლდება კანოით დადგენილი ან სასამართლო მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასმართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი 2010 წლის 29 იანვარს ჩაბარდა ზ. ი-ძის ძმას ს. ი-ძეს. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწურებოდა 2010 წლის 12 იანვარს, სააპელაცი საჩივარი კი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა მხარეს ან მის წარმომადგენელს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა აითვლება 2010 წლის 29 იანვრიდან და ის გარემოება, რომ წარმომადგენელს ჩაბარდა 2010 წლის 1 მარტს არ განაპირობებს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ამ თარიღიდან ათვლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ი-ძეს სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარი ეთქვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ი-ძის წარმომადგენლის – ლ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.