¹ბს-505-500(კს-11) 2 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი/მ “...”
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრი;
მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 24 თებერვალს ი/მ “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 23 დეკემბრის ¹3/751 ბრძანებისა და 2009 წლის 30 დეკემბრის ¹5 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ი/მ “...” სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე.
2011 წლის 11 იანვარს ი/მ “მ. გ-იანის” წარმომადგენელმა – დ. ჯ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც, იმ მოტივით, რომ აპელანტი საქართველოში არ იმყოფებოდა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის გარჩინებით ი/მ “მ. გ-იანს” ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით ი/მ “მ. გ-იანის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსავლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციოს საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ი/მ “მ. გ-იანს” ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა ვადა – 7 დღე, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა 5 დღით გაუგრძელდა და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინების ასლი მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე – ლენტეხის რაიონ, სოფელ ... გაეგზავნა. აღნიშნული განჩინების ასლი ასევე გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს – დ. ჯ-ძეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი აპელანტის წარმომადგენელს 2011 წლის 4 იანვარს ჩაბარდა, ხოლო ი/მ “მ. გ-იანისათვის” გაგზავნილ შეტყობინების ბარათზე მიწერილია, რომ აღნიშნული პიროვნება სოფელ ... არ იმყოფება (ტ. I; ს.ფ. 217-218). ამასთან, აპელანტის წარმომადგენელს - დ. ჯ-ძეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინების ასლი 2011 წლის 17 იანვარს ჩაბარდა. ამდენად, აპელანტს შეეძლო ხარვეზი 2011 წლის 24 იანვრის ჩათვლით შეევსო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უწყება (გზავნილი) მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება უშუალოდ მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომენტიდან და ამავე მომენტიდან აითვლება გზავნილში სასამართლოს მიერ დაწესებული ვადა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი/მ “მ. გ-იანმა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ი/მ “მ. გ-იანი” სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას ითხოვდა, ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით ი/მ “მ. გ-იანის” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი/მ “მ. გ-იანის” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაადგინა, რომ ი/მ “მ. გ-იანის” სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და ი/მ “მ. გ-იანს” ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა - 7 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამასთანავე, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ი/მ “მ. გ-იანს” გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინების ასლი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ი/მ “მ. გ-იანის” წარმომადგენლებს – ლ. კ-ძესა და დ. ჯ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ (ტ. I, ს.ფ. 237-238).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საქმის მასალებში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ი/მ “მ. გ-იანის” წარმომადგენლმა – დ. ჯ-ძემ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინების ასლი 2011 წლის 17 იანვარს ჩაიბარა (ტ. I, ს.ფ. 240), ხოლო აღნიშნული განჩინების ასლი ი/მ “მ. გ-იანის” წარმომადგენლის – ლ. კ-ძის ძმიშვილმა ზ. ზ-ძემ ასევე 2011 წლის 17 იანვარს ჩაიბარა (ტ. I, ს.ფ. 239).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთანავე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ი/მ “მ. გ-იანის” წარმომადგენლებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინების ასლი 2011 წლის 17 იანვარს ჩაბარდა (ტ. I, ს.ფ. 239-240), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 18 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და ვინაიდან, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე - 22 იანვარი უქმე დღეს (შაბათს) წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2011 წლის 24 იანვარს (ორშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ი/მ “მ. გ-იანმა” სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით სასამართლოს მიერ განისაზღვრა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ტ. I, ს.ფ. 236).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სახელწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მართალია, კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, მაგრამ იმისათვის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მხარემ უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო იმსჯელებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ი/მ “მ. გ-იანმა” არ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველზე და არ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მისი შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ი/მ “მ. გ-იანისათვის” სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ “მ. გ-იანის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ “მ. გ-იანის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.