ბს-511-491 (კს-10) 16 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2010 წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ზ-ძემ 12.10.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს შუახევის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში (2500 კვ.მ.) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.05.08წ. გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ¹0007 ნაწილობრივ ბათილად ცნობა; მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში გ. ა-ძისა და ა. ბ-ძეს შორის 09.09.09წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის შესაბამისი სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.11.09წ. გადაწყვეტილებით მ. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 15.05.08წ. გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გაცემული 16.05.08წ. საკუთრების უფლების მოწმობა ¹0007 მ. ზ-ძის საკუთრების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძეს შორის დადებული 09.09.09წ. ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ზ-ძის საკუთრების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-ძემ, ნ. ბ-ძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 22.02.2010წ. განჩინებით მიიჩნია, რომ აპელანტების გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრები არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და მხარეებისათვის გადასაცემი სააპელაციო საჩივრის ასლები, აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად 05 დღის ვადა დაუწესა. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივრები დარჩებოდა განუხილველი.
გ. ა-ძემ და ნ. ბ-ძემ 15.03.2010წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტით გააგზავნეს განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, სადაც ასევე წარმოადგინეს გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის მიერ ერთობლივად შედგენილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით მიუთითეს, რომ ვინაიდან რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სსსკ 46.1 მუხლის შესაბამისად გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აპელანტებმა განცხადებას დაურთეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობათა ასლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2010წ განჩინებით გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრები, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტების მიერ წარმოდგენილ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს ვერ მიიჩნევდა ხარვეზის გამოსწორებად, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მითითებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ცნობა საარსებო შემწეობის მიღების თაობაზეც. ასეთი ცნობა აპელანტებს წარმოდგენილი არ ჰქონდათ, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ცნობა არ ადასტურებდა საარსებო შემწეობის მიღებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა იყო 57 001. იმავე დადგენილების მე-8 მუხლის I პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობა გაიცემოდა საბანკო დაწესებულებების მეშვეობით. საქმეში არსებული გ. ა-ძის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 59 380, ხოლო ნ. ბ-ძის ოჯახის- 94 720, რაც “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, გამორიცხავდა საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ 48-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსსკ-63-ე მუხლზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2010წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივეს გ. ა-ძემ და ნ. ბ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მათ არ შეავსეს ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ თუ მათ მიერ წარდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა საკმარისი არ იყო სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებისათვის, სააპელაციო პალატას უნდა გაეგრძელებინა ვადა და მიეთითებინა აღნიშნულზე, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარში დაყენებული იქნა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ უკეთუ სააპელაციო სასამართლო აპელანტებს სსკ 46-ე მუხლის შესაბამისად არ გაათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მათ ბაჟის გადახდა გადაევადათ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა განხორციელდა განჩინებით დადგენილ ვადაში, რამდენადაც განჩინებით შესრულებული იქნა აპელანტების მხრიდან ხარვეზი ნაწილობრივ ან მთლიანად, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და სსკ 46-ე მუხლის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება აპელანტებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, ამასთან, მას უნდა ემსჯელა შუამდგომლობაზე და თუ არ გაათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტებს, მაშინ უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 22.02.2010წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ გ. ა-ძის და ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ იყო წარდგენილი მოწინააღმდეგე მხარეებისათვის გადასაცემი სააპელაციო საჩივრის ასლები. განჩინებაში აღინიშნა, რომ აპელანტებმა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ სახელმწიფო ბაჟის 150-150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივრები დარჩებოდა განუხილველი. აპელანტებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 22.02.2010წ. განჩინება ჩაჰბარდათ 10.03.2010წ. (სფ.224-225), მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაგზავნად (სფ. 269) ფოსტას 15.03.2010წ. წარუდგინეს განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც თან ერთვოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობები (ს.ფ. 264-265) და ერთობლივი სააპელაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათი საპროცესო მოქმედება შესრულებულია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დადგენილი ორი პირობის სავალდებულო თანაარსებობა, კერძოდ, მხარე დადგენილი წესით უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ამასთანავე, უნდა იღებდეს საარსებო შემწეობას. “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57 001. საქმეში არსებული ნ. ბ-ძის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულაა 94720, ხოლო გ. ა-ძის-59380, რაც “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 28.07.06წ. ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს აპელანტი მხარის საპროცესო უფლებას, შეიტყოს სააპელაციო საჩივრის არსებული ხარვეზის თაობაზე და შეავსოს იგი, ხოლო სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, აცნობოს აპელანტს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე და დაუნიშნოს მას ვადა ხარვეზის შესავსებად. თუკი ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეიცავს ხარვეზის მიცემის ახალ საფუძველს, ასეთ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადა ექვემდებარება გაგრძელებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, სადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის განთავისუფლებისაგან უარის თქმის შემთხვევაში იშუამდგომლეს, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია. ვინაიდან შუამდგომლობა ეხებოდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე, სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო შესაძლებლობის მიუცემლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაუშვებელია, რის გამოც გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2010წ. განჩინება და საქმე გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2010წ. განჩინება და საქმე გ. ა-ძისა და ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახალი გადაწყვეტისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.