Facebook Twitter

ბს-513-493(კს-10) 8 ივნისი, 2010 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. მ-ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რ. მ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოშო მოპასუხე _ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-7/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით რ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ. მ-ძეს უარი ეთქვა მოპასუხე საქართველოს შს სამინისტროსათვის 1998 წლის ხელფასის _ 727,22 ლარის, 2000-2003 წლების კვების კომპენსაციის _ 177,00 ლარის დაკისრებაზე, ხოლო, რაც შეეხება 2000-2003 წლების სახელფასო დავალიანებას, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 199,1 ლარის ოდენობით გადახდა /იხ.ს.ფ.40-45/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 56-64/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებით რ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს გაეგზავნა მისამართზე: თბილისი, ... ქუჩა, კორპ.3 ბინა 4, რომელიც მხარეს არ ჩაჰბარდა, რაც დასტურდება ფოსტის მუშაკის მიერ 16.07.2009 წელს შედგენილი აქტით (ს.ფ. 50). სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ასლი ადრესატს გაეგზავნა განმეორებით 2009 წლის 23 ივლისს, რომელიც ასევე არ ჩაჰბარდა, რაც დასტურდება ფოსტის მუშაკის მიერ 24.07.2009 წელს შედგენილი აქტით (იხ.ს.ფ. 54). ორივე შემთხვევაში ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია ადრესატის წასვლა სოფელში. რ. მ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2010 წლის 3 თებერვალს (ს.ფ. 55), ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 17 თებერვალს, რაც დასტურდება სასამართლოს მიერ დასმული ბეჭდით (იხ.ს.ფ. 56).

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 369.1, 73.1I მუხლები და განმარტა, რომ, ვინაიდან სასამართლომ გადაწყვეტილება გააგზავნა მისთვის ცნობილ მისამართზე ორჯერ, იგულისხმება, რომ რ. მ-ძეს გზავნილი ჩაჰბარდა 2009 წლის 24 ივლისს, შესაბამისად, მან გაუშვა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა /იხ.ს.ფ. 66-68/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრდა კანონით დადგენილი წესით 14-დღიან ვადაში, რამდენადაც გადაწყვეტილების ასლი მან ხელზე ჩაიბარა 2010 წლის 3 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა იმავე წლის 17 თებერვალს, კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის წესი და იგი გააიგივა მხარისათვის უწყების ჩაბარების წესთან, რაც დაუშვებელია /იხ.ს.ფ. 72/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინება, შემდგე გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს გაეგზავნა მისამართზე: თბილისი, ... ქუჩა, კორპ.3 ბინა 4, რომელიც მხარეს არ ჩაჰბარდა, რაც დასტურდება ფოსტის მუშაკის მიერ 16.07.2009 წელს შედგენილი აქტით (ს.ფ. 50). სასამართლომ გადაწყვეტილების ასლი ადრესატს გაუგზავნა განმეორებით 2009 წლის 23 ივლისს, რომელიც ასევე არ ჩაჰბარდა, რაც დასტურდება ფოსტის მუშაკის მიერ 24.07.2009 წელს შედგენილი აქტით (იხ.ს.ფ. 54). ორივე შემთხვევაში ჩაუბარებლობის მიზეზი იყო ადრესატის წასვლა სოფელში. რ. მ-ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2010 წლის 3 თებერვალს (ს.ფ. 55), ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 17 თებერვალს, რაც დასტურდება სასამართლოს მიერ დასმული ბეჭდით (იხ.ს.ფ. 56).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის წესი და იგი გააიგივა მხარისათვის უწყების ჩაბარების წესთან, რაც დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1I მუხლის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქალაქო სასამართლოს მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მხარეს ორჯერ გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და ორივე შემთხვევაში არ ჩაჰბარდა, რამდენადაც ადრესატი წასული იყო სოფელში /იხ. სასამართლო კურიერის აქტები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. მ-ძეს, სსსკ-ის 73.1I მუხლის თანახმად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 24 ივლისს _ სასამართლოს მიერ მეორედ გაგზავნილი გზავნილის ჩაუბარებლობის თაობაზე კურიერის მიერ შედგენილი აქტის თარიღის თანახმად, ხოლო სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილია 2010 წლის 17 თებერვალს, სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში რ. მ-ძის მიერ უგულებელყოფილია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.