ბს-540-519(კს-10) 10 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი/მ ნ. ქ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 17 აგვისტოს ი/მ ნ. ქ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის); მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მას საქონელი შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებულ წიგნში ჰქონდა აღრიცხული, 2009 წლის 11 თებერვალს ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერის ოქმი, რომელშიც დაფიქსირდა აღურიცხავი 10530.20 ლარის საქონელი.
Mმოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 23 თებერვალს ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოიცა ¹137 ბრძანება, ხოლო 2009 წლის 26 თებერვალს ¹144 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა _ 10530 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 23 თებერვლის საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ¹137 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 26 თებერვლის ¹144 საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 20 მაისის ¹1332 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 10 აგვისტოს ¹10/10654 წერილის ბათილად ცობა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ ნ. ქ-იას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ნ. ქ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით ი/მ ნ. ქ-იას სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით ი/მ ნ. ქ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 59-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 63-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინების ასლი ი/მ ნ. ქ-იასათვის გადასაცემად მის ძმას ჯ. ქ-იას 2010 წლის 20 მარტს, ხოლო წარმომადგენელს _ გ. ფ-იას 2010 წლის 22 მარტს ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დაუდგინა 10 დღე, შესაბამისად, მხარე ვალდებული იყო ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება (ბაჟის გადახდის ქვითარი) სასამართლოში 2010 წლის 31 მარტის ჩათვლით წარმოედგინა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აპელანტის წარმომადგენელმა ფოსტას 2010 წლის 5 მარტის განჩინებით დადგენილი საპოცესო ვადის გასვლის შემდეგ _ 2010 წლის 1 აპრილს ჩააბარა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, 2010 წლის 5 მარტის განჩინების ასლი ი/მ ნ. ქ-იას წარმომადგენელს _ გ. ფ-იას 2010 წლის 22 მარტს ჩაბარდა, მაგრამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი უწყება მხარისათვის გაგზავნილად ითვლებოდა, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი/მ ნ. ქ-იამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ უწყების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა 2010 წლის 20 მარტიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ათვლილიყო, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ გზავნილის ჩამბარებელმა აპელანტი ვერ ნახა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და აპელანტის ძმა მასთან მცხოვრებ პირს წარმოადგენდა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გზავნილის ჩამბარებლები არ მისულან აპელანტის საცხოვრებელ სახლში და მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი და მისი ძმა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, გზავნილი მის ძმას ჩააბარეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით ი/მ ნ. ქ-იას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ი/მ ნ. ქ-იას კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 5 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით დაადგინა, რომ ი/მ ნ. ქ-იას სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და ი/მ ნ. ქ-იას ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინება ი/მ ნ. ქ-იას ძმას _ ჯ. ქ-იას 2010 წლის 20 მარტს (ს.ფ. 146), ხოლო წარმომადგენელს _ გ. ფ-იას 2010 წლის 22 მარტს ჩაბარდა (ს.ფ. 147).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინება მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩაბარებია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,...”-ის კურიერის თ. ლ-ავას განცხადებით დასტურდება, რომ გზავნილის ჩამბარებლები ი/მ ნ. ქ-იას მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არ მისულან და 2010 წლის 5 მარტის განჩინება ი/მ ნ. ქ-იას ძმას _ ჯ. ქ-იას ჩააბარეს 2010 წლის 20 მარტს (ს.ფ. 164).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალოს, უწყება უნდა ჩაბარდეს მხარესთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინგირის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 15 აპრილის ¹255 ცნობით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მცხოვრები ჯ. ქ-იას და ნ. ქ-იას კომლი სოფ. ... რეგისტრირებულია ცალ-ცალკე და ერთად არ ცხოვრობენ (ს.ფ. 163).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ნ. ქ-იას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, არ ჩაბარებია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, ი/მ ნ. ქ-იას წარმომადგენელს _ გ. ფ-იას 2010 წლის 5 მარტის განჩინების ასლი 2010 წლის 22 მარტს ჩაბარდა (ს.ფ. 147), ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე (ს.ფ. 142-143), მხარეს ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულების (ბაჟის გადახდის ქვითრის) წარმოდგენის უფლება 2010 წლის 1 აპრილის ჩათვლით ენიჭებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილის კონვერტზე, სადაც აღნიშნულია, რომ ი/მ ნ. ქ-იას წარმომადგენელმა _ გ. ფ-იამ საფოსტო გზავნილი ფოსტას 2010 წლის 1 აპრილს ჩააბარა (ს.ფ. 150).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ნ. ქ-იას არ გაუშვია ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მისმა წარმომადგენელმა _ გ. ფ-იამ საფოსტო გზავნილი ფოსტას განჩინების ასლის ჩაბარებიდან მე-10 დღეს ჩაბაარა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ ნ. ქ-იას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ნ. ქ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.