Facebook Twitter

ბს-553-532(კს-10) 9 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. და რ. ბ-ძეები

მოწინააღმდეგე მხარე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 19 მარტს ი. და რ. ბ-ძეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. და რ. ბ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი. და რ. ბ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით ი. და რ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. აპელანტებს ხარვეზის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 26 თებერვალს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებით არ დასტურდებოდა განჩინების აპელანტებისათვის ჩაბარება, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინების ასლი განმეორებით გაეგზავნათ აპელანტებს 2010 წლის 15 მარტს. ხარვეზის განჩინების ასლი ჩაჰბარდა ი. ბ-ძის შვილს – კ. ბ-ძეს (ს.ფ. 118) 2010 წლის 18 მარტს.

2010 წლის 29 მარტს ი. და რ. ბ-ძეებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ი. და რ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტების მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ი. და რ. ბ-ძეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ მოტივით, რომ მათთვის გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი საკურიერო სამსახურის კურიერს ჩაუბარებია სხვა მისამართზე - დაბა ხელვაჩაური, ... ქ. 33, ბინა ¹6-ში მცხოვრებ ი. ბ-ძის შვილისათვის – კ. ბ-ძისათვის, რომელიც კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, არ არის მათთან მცხოვრები ოჯახის წევრი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. და რ. ბ-ძეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ი. და რ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით ი. და რ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. აპელანტებს ხარვეზის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 26 თებერვალს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებით არ დასტურდებოდა განჩინების აპელანტებისათვის ჩაბარება, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინების ასლი განმეორებით გაეგზავნათ აპელანტებს 2010 წლის 15 მარტს. ხარვეზის განჩინების ასლი ჩაჰბარდა მოქალაქე კ. ბ-ძეს 2010 წლის 18 მარტს (ს.ფ. 118).

2010 წლის 29 მარტს ი. და რ. ბ-ძეებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ი. და რ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტების მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ მათთვის გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა კ. ბ-ძეს, რომელიც არ წარმოადგენს მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და მასზე თანდართულ მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გარკვევის მიზნით, საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, კერძოდ, საქმეში, ს.ფ. 139-ზე, წარმოდგენილია შპს ,,...” კურიერის – თ. ვ-ძის განცხადება, რომელითაც დასტურდება, რომ ი. და რ. ბ-ძეებისათვის გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა მოქალაქე კ. ბ-ძეს მისამართზე დაბა ხელვაჩაური, ... ქ. 33, ბინა ¹6 იმ ვარაუდით, რომ იგი წარმოადგენს ი. ბ-ძესთან მცხოვრებ ოჯახის წევრს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

იმავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ასეთ ვითარებაში სავალდებულოა ორი პირობის ერთდროულად არსებობა: ა) უწყება უნდა გაიგზავნოს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და ბ) უწყება აღნიშნულ მისამართზე უნდა ჩაბარდეს ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

მართალია წინამდებარე შემთხვევაში უწყება გაიგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ, როგორც საქმეში კურიერის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, გზავნილი გადაეცა დაბა ხელვაჩაურში, ... ქ. 33, ბინა 6-ში მცხოვრებ კ. ბ-ძეს (იგივე მისამართია დაფიქსირებული ამ უკანასკნელის პირადობის მოწმობაში), მაშინ, როდესაც ი. და რ. ბ-ძეების მიერ საქმეში მითითებულია შემდეგი მისამართი: დაბა ხელვაჩაური, ..., ბინა 33.

ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს, დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, განჩინება ჩაჰბარდა თუ არა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ოჯახის სრულწლოვან წევრს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გზავნილის იმ მისამართზე ჩაბარება, რომელიც მხარის მიერ მითითებული არ არის, ვერ ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. და რ. ბ-ძეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ი. და რ. ბ-ძეების სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. და რ. ბ-ძეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.