Facebook Twitter

ბს-556-551(კს-11) 6 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “...” კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის სააპელაციო სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დარჩა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე /იხ.ს.ფ. 3-4/.

2011 წლის 11 იანვარს შპს “..” წარმომადგენელმა მ. ვ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს “...” ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით /იხ.ს.ფ. 11-12/.

2011 წლის 1 თებერვლს შპს “...” წამომადგენელმა მ. ვ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით შპს “...” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამასთან, აპელანტს ხარვეზის შესავსებად კვლავ გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით.

ქუთაისის სააპეალციო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო პალატამ დადაგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების ასლი ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაჰბარდა 6 თებერვლას, თუმცა სასამართლოს განსაზღვრულ საპროცესო ვადაში აპელანტს არ შეუვსია ხარვეზი, კერძოდ არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი _ 7000 ლარის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მერი შპს “...” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საზოგადოების დირექტორი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში და შეფარდებული აქვს აღკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა. ამასთან, საზოგადოების მთელი ქონება მიქცეულია რეალიზაციისაკენ, დაყადაღებულია საზოგადოების ანგარიშები, დირექტორის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება, ანუ საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამდენად, სახეზე იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “...” კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 11 იანვარს შპს “...” წარმომადგენელმა მ. ვ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს “...” ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით /იხ.ს.ფ. 11-12/. 2011 წლის 1 თებერვლს შპს “...” წამომადგენელმა მ. ვ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით შპს “...” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამასთან, აპელანტს ხარვეზის შესავსებად კვლავ გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ხოლო იურიდიული პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სრულად განთავისუფლებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიულ პირებთან მიმართებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის _ შპს “...” მიერ ვერ იქნა უტყუარი მტკიცებულებებით დასაბუთებული საზოგადოების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის უუნარობა, ამგვარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა ის გარემობა, რომ საზოგადოების დირექტორი არის პატიმრობაში, აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და რომ საზოგადოების ქონებას ადევს ყადაღა. საქმის მასალების მიხედვით, ყადაღა დაედო ლ. რ-ძის სახელზე გაფორმებულ სამ ავტომანქანას, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ საზოგადოება იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, მით უფრო, რომ მითითებული ავტომანქანები საზოგადოების ბალანსზეც კი არ ირიცხება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა შპს “...” სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის რამდენჯერმე გაუგრძელა საპროცესო ვადა, ანუ სასამართლომ მხარეს მისცა გონივრული ვადა და შესაძლებლობა ხარვეზის შესავსებად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...” გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.