ბს-56-55 (2კს-09) 1 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) _ სს “...”, შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრისა და 2010 წლის 5 იანვრის განჩინებები
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრების განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სს “...სა” და შპს “...ის” მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 5.867.550,58 ევროს გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2009 წლის 18 მაისს საქართველოს ერონულმა ბანკმა წარადგინა დაზუსტებული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ სს “...სა” და შპს “...ის” მიმართ, რომლითაც განმარტა, რომ 2006 წლის 20 მარტს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ჰოლანდიის სამთავრობო სადაზღვევო კომპანიისადმი ეროვნული ბანკის გარანტიის უზრუნველყოფით წარმოქმნილი დავალიანება ეროვნული ბანკის ბალანსიდან გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული გადახდის გრაფიკების მიხედვით ეროვნულ ბანკს 2001 წლის 12 სექტემბრიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე გადახდილი ჰქონდა – 3.689.988,38 ევრო, ხოლო ფინანსთა სამინისტროს გადასახდელი აქვს – 2.686.282,9 ევრო. ამდენად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 2.586.287,23 ევროს გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2009 წლის 5 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ სს “...სა” და შპს “...ის” მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 2.686.282,43 ევროს გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “...სა” და სს “...ს”, როგორც სოლიდარულ მოვალეებს დაეკისრათ საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ 2.586.287,23 ევროს გადახდა. ასევე დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი და შპს “...სა” და სს “...ს”, როგორც სოლიდარულ მოვალეებს დაეკისრათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 2.686.282,43 ევროს გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს “...ს” დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისათვის.
შპს “...მა” 2009 წლის 21 ოქტომბერს მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ვინაიდან შპს “...სა” და სს “...ს” მთელი ქონების კონფისკაცია განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ამასთან, შპს “...” წლების განმავლობაში არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და 2009 წლის 3 ივლისს დაიწყო შპს-ს ლიკვიდაციის პროცესი გადახდისუუნარობის გამო. შესაბამისად, დღეისათვის საწარმო არ ფლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის, 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სპს “...ს” გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა კიდევ 7 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
2009 წლის 2 ნოემბერს შპს “...მა” კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს “...ის” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “...მა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც შპს “...ის” გადახდისუუნარობას დაადასტურებდნენ. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 30 სექტემბრის ¹211684 წერილი, ინფორმაცია საბანკო ანგარიშების არარსებობისა და სათანადო მტკიცებულებები შპს “...ის” გადახდისუუნარობის გამო ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, წარმოადგენენ საკმარის მტკიცებულებებს შპს “...ის” ქონებრივი მდგომარეობის შესაფასებლად. ასევე საგადასახადო ინსპექციაში 10 წლის მანძილზე წარდგენილი ნულოვანი დეკლარაციებით დასტურდებოდა, რომ ამ ხნის განმავლობაში საწარმო არ ფუნქციონირებდა.
შპს “...” მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველობით შპს-ს მოესპობა უფლება თავი დაიცვას სასამართლოს გზით. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისათვის.
სს “...მ” არაერთხელ მიმართა სასამართლოს განცხადებით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, ვინაიდან სს “...ს” მთელ ქონებას საგადასახადო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აქვს დადებული ყადაღა და მოკლებული იყო შესაძლებლობას განეკარგა საწარმოს კუთვნილი თანხები. აღნიშნული გარემოებები დასტურდებოდა სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა და არაერთჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა. საბოლოოდ სს “...მ” 2009 წლის 28 დეკემბერს წარადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 იანვრის განჩინებით სს “...ს” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “...მ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც სს “...ს” გადახდისუუნარობას დაადასტურებდნენ. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებებზე თანდართული იყო უტყუარი მტკიცებულებები, რაც წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს. კერძოდ, 2002 წლიდან სს “...” ვერ ახორციელებს ვერანაირ ეკონომიკურ საქმიანობას და არ მიუღია არანაირი შემოსავალი. სს “...ს” საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობას ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება “სახალხო ბანკის” ცენტრალური ფილიალის მიერ 2009 წლის 16 სექტემბერს გაცემული ცნობით და საბანკო ამონაწერებით სს “...ს” ანგარიშსწორების ანგარიშიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გარდაბნის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2003 წლის 15 მაისს, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის უფლება, ხოლო რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 მაისის ¹210 ბრძანების საფუძველზე, სს “...ს” ქონებას დღეის მდგომარეობითაც დადებული აქვს ყადაღა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოებთან 2002 წლიდან დღემდე მიმდინარეობს სასამართლო დავა. სს “...ს” გადახდისუუნარობას ადასტურებს რუსთავის რეგიონალური ცეტრის კომპიუტერული მონაცემები - შედარების აქტები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ძირითადი გადასახადების მიხედვით არც ერთ ნაწილში დავალიანების გადახდა არ წარმოებს, აქტებში დაფიქსირებულია მხოლოდ საურავების ზრდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სალდო 2009 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 2 633 613. 70 ლარს. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც ანალოგიური მტკიცებულებების საფუძველზე სს “...ს” გადახდისუუნარობის მოტივით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებებით, სს “...სა” და შპს “...ის” კერძო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგენილ იქნა მათი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს “...სა” და შპს “...ის” კერძო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორთა მიერ კერძო საჩივრის საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ ამჟამად საწარმოები იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ვინაიდან მათ წლების მანძილზე არ განუხორციელებიათ არანაირი ეკონომიკური საქმიანობა, არ მიუღიათ შემოსავალი და მათი ქონება დაყადაღებულია საგადასახადო მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, შპს “...ის” მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი საწარმოს გადახდისუუნარობის გამო. აღნიშნული გარემოებები კი ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავით გათვალისწინებულია პროცესის ხარჯები, მათ შორის, თუ რა სახის დავებზე უნდა იქნეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და რა ოდენობით. მასში ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის განთავისუფლების, ან მისი გადახდის გადავადების შესაძლებლობა. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო სასამართლო მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაშია უფლებამოსილი, მხარის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის ნორმა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, იმისათვის, რომ სასამართლომ მხარეს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გადახდა, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს მის შესაბამის ქონებრივ მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ სს “...ს” ქონებას საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით ადევს ყადაღა და საწარმოს მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (ტ. V, ს.ფ. 22). ასევე წარმოდგენილია სახალხო ბანკის მიერ 2009 წლის 16 სექტემბერს გაცემული ცნობა, საიდანაც დგინდება, რომ სს “...ს” გახსნილი აქვს შემდეგი ა/ანგარიშები: ¹... ეროვნულ ვალუტაში, ნაშთი _ 1,12 ლარის ოდენობით, ბოლო მოძრაობა განხორციელდა 2004 წლის 24 ივნისს; ¹... აშშ დოლარში, ნაშთი _ 18,31 აშშ დოლარის ოდენობით, ბოლო მოძრაობა განხორციელდა 2002 წლის 18 თებერვალს; ¹... ევროში, ნაშთი _ 111,54 ევროს ოდენობით, ბოლო მოძრაობა განხორციელდა 2002 წლის 24 ივნისს (ტ. V, ს.ფ. 89). გარდა ამისა, სს “...ს” მიერ წარმოდგენილია 2009 წლის 2 იანვრიდან 2009 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდის საგადასახადო შედარების აქტები. წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება აღნიშნული საბანკო ანგარიშები არის თუ არა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით. სს “...ს” ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, გააჩნია თუ არა სხვა რაიმე საბანკო ანგარიში და დღეისათვის არის თუ არა მათ მიმართ გამოყენებული საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიება. რაც შეეხება სს “...ს” მოსაზრებას, რომ სხვა სასამართლო დავაში სასამართლომ გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის საბოლოო განხილვამდე, ვერ დაადასტურებს მოცემულ საქმეში დაყენებული შუამდგომლობის საფუძვლიანობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული განჩინება მართალია, ადასტურებს, რომ სხვა დავაზე აპელანტს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის საბოლოო განხილვამდე, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ამ დავაში მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად და მას ვერ მიენიჭება პრეცედენტული ხასიათი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ შემთხვევაში, მხარის შუამდგომლობა საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, უნდა დადასტურებულიყო საწარმოს დღევანდელი საფინანსო და ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი სათანადო დოკუმენტაციით.
შპს “...” სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს საწარმოს მიმართ დაწყებულ ლიკვიდაციის პროცესზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ დანიშნულია საწარმოს ლიკვიდატორი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება უდავოდ არ ადასტურებს საწარმოს გადამხდელუუნარობას, საწარმოს ლიკვიდაცია შესაძლოა განხორციელებულ იქნეს დამფუძნებელთა (პარტნიორთა კრების) გადაწყვეტილების საფუძველზე სხვადასხვა საფუძვლით. შპს “...” კერძო საჩივრის საფუძვლიანობის დასადასტურებლად ასევე მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 სექტემბრის ¹211684 წერილზე, რომლის თანახმად, 2006 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე პერიოდზე საჯარო რეესტრის განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით თბილისის სარეგისტრაციო ზონაში შპს “...ის” სახელზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული (ტ. V. ს.ფ. 46). საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულება ვერ იქნება მიჩნეული კერძო საჩივრის საფუძვლიანობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან თბილისის რეგისტრაციო ზონაში შპს “...ის” სახელზე უძრავი ქონების მითითებულ პერიოდში რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საწარმოს ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველ სათანადო მტკიცებულებას. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს “...ის” მიერ საგადასახადო ინსპექციისადმი წარდგენილი 2005-2009 წლების მოგებისა და ქონების გადასახადების წლიური ნულოვანი დეკლარაციები (ტ. V. ს.ფ. 49-53). ამდენად, შპს “...ის” მიერ ვერ იქნა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მიუხედავად საწარმოს მიერ ეკონომიური საქმიანობის განუხორციელებლობისა, გააჩნია თუ არა მას საკუთრებაში რაიმე ქონება უძრავი ან მოძრავი სახით, რომელთა სარგებლობის ან სხვაგვარად განკარგვის უფლება მას შეზღუდული აქვს ამა თუ იმ გარემოებათა გამო.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ ჩაითვლება დღევანდელი მდგომარეობით, მათი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ უტყუარ მტკიცებულებებად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხარვეზის შესახებ განჩინებაში აღნიშნული მოთხოვნები აპელანტების მიერ არ შესრულდა, მათ არ წარმოუდგენიათ ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები. აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს საწარმოს გადახდისუუნარობის დამადასტურებული სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, რა პირობებშიც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის უპირობო გადავადების შესაძლებლობას, იგი ადგენს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების პირობებში ამგვარი შეზღუდვის დაწესებაზე უარის თქმას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე ვერ დაასაბუთეს აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კერძო საჩივრის ავტორების მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის მათი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელების დროისათვის სააპელაციო სასამართლოს მისცემდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს ართმევს კერძო საჩივრების მოტივის გაზიარების პროცესუალურ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...ისა” და სს “...ს” კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრისა და 2010 წლის 5 იანვრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.