Facebook Twitter

¹ბს-56-55(კს-11) 14 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 21 ივნისს ბ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე.

2010 წლის 8 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ – ბ. ქ-ს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

2010 წლის 21 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც იმ მოტივით, რომ არის პატიმარი, ავადმყოფი და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ბ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსებისათვის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინების ასლი აპელანტ _ბ. ქ-ის წარმომადგენელს 2010 წლის 20 ოქტომბერს ჩაბარდა, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 2010 წლის 25 ოქტომბერს ამოიწურა, თუმცა სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი მოთხოვნა აპელანტის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ბ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბ. ქ-ის მდგომარეობა, რომ იგი წარმოადგენს პატიმარს, ავადმყოფს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სახის ანაზღაურება ან შემოსავალი და არ გაათავისუფლა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

კერძო საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, რომლითაც მისთვის გარანტირებულია სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება და ასევე, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ მის მიერ ვერ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, არ შიძლება უარი ეთქვას მას სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო იერარქიულად დაბლა მდგომი ნორმატიული აქტების საფუძველზე, მაშინ, როდესაც იგი სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ითხოვდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ბ. ქ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ბ. ქ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განუხილველად დარჩა ბ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 _ მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

საერთო სასამართლოებში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან კანონისმიერი განთავისუფლების საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული 46-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კონკრეტული კატეგორიის დავების სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე განხილვას.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების საფუძვლები განსაზღვრულია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილისაგან განსხვავებით, რომელიც კონკრეტული კატეგორიის დავების ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას ითვალისწინებს, მითითებული ნორმები («სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და სსკ-ის 46-ე მუხლი) განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომელიც კანონით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ამდენად, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრას პირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასამართლოს უფლებამოსილება სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით შეზღუდულია კანონით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თავად დავის საგანს, დავის არსს და კერძო საჩივრის ავტორის რეალური მდგომარეობის გარკვევას. შესაბამისად, იმის დადგენას ექვემდებარება თუ არა განსახილველი დავა ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 7 მაისის განცხადებითა და 2010 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს – დ. ა-ს მიმართა ბ. ქ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბ. ქ-ი დაავადებულია «ც” ქრონიკული ჰეპატიტით. მას არ უტარდება ადეკვატური მკურნალობა და სათანადო გამოკვლევები, რის გამოც მისი ჯანმრთელობა რთულდება. წარმომადგენელი ბ. ქ-თვის სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევისა და ადეკვატური მკურნალობის ჩატარებას ითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნით მიმართა ბ. ქ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებში წარმოდგენილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹...... საპყრობილის სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმის წერილებით, სამედიცინო ბარათით და მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაგებლით დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ი დაავადებულია „ც“ ჰეპატიტით, ამასთან ბ. ქ-ს ჩაუტარდა ფსიქიატრის კონსულტაცია და დაუდგინდა დიაგნოზი – პერსონალური აშლილობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით უზრუნველყოფილი იყო მსჯავრდებულის სამედიცინო დახმარების და მომსახურების უფლება. აღნიშნული კანონის IX თავი განსაზღვრავდა მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამჟამად მოქმედი პატიმრობის კოდექსის მე-14, 24-ე, 119-ე და 120-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილ იყოს სამედიცინო მომსახურებით. ამასთან, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. დაავადებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალურ ქარტიაზე, რომლითაც უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარებით სარგებლობის საყოველთაო უფლება. A

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი პირდაპირ ეხება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, გამომდინარე დავის საგნიდან, დავის არსიდან, იმ პირობებში როდესაც «ც“ ჰეპატიტით დაავადებული პატიმარი ითხოვს მისთვის კანონმდებლობით გარანტირებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, და აღნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით აღძრული სარჩელი მიეკუთნება სოციალურ საკითხს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი მასზე არ გადაიხდება, ვინაიდან, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირი სარჩელის შეტანისას გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ მისი სარჩელი აღძრულია სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე.

შესაბამისად, განსახილველი დავა დაექვემდებარება ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ბ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველი, წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.