Facebook Twitter

ბს-57-56(კს-10) 7 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ო. დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ აპელაციის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 16 ივნისს ო. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქმედების განხორციელება (სამივლინებო ხარჯების - 1 338,75 ლარის ანაზღაურება).

2010 წლის 2 ივლისს მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სამივლინებო ხარჯების - 1 669,75 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო. დ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ო. დ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ო. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატის განმარტებით, ო. დ-ძეს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე 2010 წლის 30 სექტემბერს და ჩაბარდა ოჯახის წევრს (სიდედრს). სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2010 წლის 10 ნოემბერს ანუ კანონი დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოსთვის 2010 წლის 13 ოქტომბრის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა 2010 წლის 13 ოქტომბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კანონით დადგენილი წესით, რაზეც მიიღო ელექტრონული დასტური თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტისგან. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში როდესაც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იგზავნება სააპელაციო საჩივარი, აპელანტი ვალდებულია 1 (ერთი) თვის განმავლობაში წარადგინოს ელექტრონული სააპელაციო საჩივრის ამობეჭდილი და ხელმოწერილი დოკუმენტი, რაც კიდეც განახორციელა დადგენილი წესით 2010 წლის 10 ნოემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით ო. დ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. დ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. დ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შეამოწმა რა ო. დ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად სსსკ-ის 369.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რადგან საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივარზე მოქალაქეთა მისაღები განყოფილების მიერ დასმულ შტამპზე სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2010 წლის 10 ნოემბერი /იხ. ს.ფ. 142/. საქმის მასალებით ო. დ-ძის სიდედრს _ თ. ჭ-ძეს 2010 წლის 30 სექტემბერს ჩაჰბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ო. დ-ძეზე გადასაცემად /იხ.ს.ფ. 141/. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელთა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიაზე სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა, მართებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 369.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით შეტანილად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძოO საჩივრის ავტორის მიერ მოყვანილი არგუმენტები დასაბუთებულია, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტის _ უ. თ-უას ელექტრონული მისამართის ამონაწერი, რომლის მიხედვით, 2010 წლის 13 ოქტომბერს, ო. დ-ძემ ელექტრონული ფოსტით სააპელაციო სასამართლოს გაუგზავნა სააპელაციო საჩივარი (იხ. ს.ფ 164) ანუ სსსკ-ის 369.1 მუხლით განსაზღვრულ ვადაში, თუმცა მითითებული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას საქმეში არ მოიპოვებოდა, აღნიშნული ო. დ-ძის მიერ წარმოდგენილია კერძო საჩივართან ერთად. ელექტრონული ფოსტის ამონაწერის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა _ უ. თ-უამ, ო. დ-ძეს აცნობა, რომ სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია გადაუგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიას (თუმცა აღნიშნული საქმის მასალებში არ მოიპოვება). საქმის ფურცელ 166-ზე მდებარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტის _ უ. თ-უას ელექტრონული მისამართის ამონაწერის თანახმად, ო. დ-ძეს დამატებით ეცნობა, რომ სასამართლო ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა იყო მხოლოდ დამატებითი ღონისძიება და მას იგივე შინაარსის ამობეჭდილი და ხელმოწერილი დოკუმენტი, ხელზე ან ფოსტის მეშვეობით უნდა წარედგინა შესაბამის სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ განცხადებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად (2010 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის (სააპელაციო, საკასაციო საჩივრის) სასამართლოში წარდგენის აუცილებელ ფორმას წერილობითი ფორმა წარმოადგენს. აღნიშნული წესი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილში მკაცრად არის რეგლამენტირებული და მისი დაცვა მხარეთათვის აუცილებელია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელის (განცხადების) აღმძვრელ პირს შეუძლია სარჩელის (განცხადების) შეტანისას განაცხადოს, რომ თანახმაა წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტით. ამგვარ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი სარჩელის (განცახდების) აღმძვრელ პირს წერილობით მასალებს უგზავნის ელექტრონული ფოსტით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 179.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გავრცელდება, რამდენადაც მითითებული ნორმით დადგენილია, რომ მხოლოდ მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლებელია (არა სავალდებულო) მას საქმის მასალები გადაუგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუმცა როგორ წესი სასამართლო მოსარჩელეს წერილობით მასალებს უგზავნის სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ო. დ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უნდა შეაფასოს სათანადო მტკიცებულებები და მათი შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოიტანოს სათანადო დასკვნა აპელაციის დასაშვებობის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ზემომითითებული ელექტრონული ფოსტის ამონაწერები, როგორც მტკიცებულებები და აღნიშნულის შემდეგ იმსჯელოს, ო. დ-ძემ სააპელაციო საჩივარი ფორმის დაუცველად, თუმცა ვადის დაცვით წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, თუ ვინაიდან, ო. დ-ძის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას დარღვეულია სსს-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწერი სარჩელის (სააპელაციო, საკასაციო საჩივრის) უპირობოდ, წერილობითი ფორმით წარდგენის შესახებ, იგულისხმება, რომ მას სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია.

შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა ო. დ-ძის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. დ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. დ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.